მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

“კატასტროფულად არის პროდუქცია გაძვირებული.. სავარაუდოდ ფასებს ზამთრის სეზონზე 5%-ით გავზრდით”- მთვრალი ალუბალი

drunk cherry

ზაფხულის ტურისტული სეზონით კმაყოფილი ბიზნესი ზამთარს გამოწვევებით ხვდება. ბიზნესის წარმომადგენლები ამბობენ, რომ მზარდი ინფლაციის გათვალისწინებით არსებულ ფასებს ვეღარ ინარჩუნებენ. განსაკუთრებით კი პროდუქციის გაძვირებაზე სარესტორნო ბიზნესი წუხს.

გუდაურში მდებარე რესტორან "მთვრალი ალუბალის" დამფუძნებელი მირანდა ესაკია ამბობს, რომ განსაკუთრებით გაძვირდა ხორცპროდუქტები და იმპორტირებული პროდუქცია. მისი თქმით, პროდუქციის გაძვირებას ემატება ისიც, რომ სეზონზე ამ პროდუქტების ტრანსპორტირება ბიზნესს თბილისის უწევს, პერსონალს კი გაზრდილ ხელფასს უხდის. მირანდა ესაკია აცხადებს, რომ ამ ფაქტორების გათვალისწინებით, სავარაუდოდ ზამთრის სეზონზე ფასები 5%-ით დაკორექტირდება.

“ჯერჯერობით ვერ ვცვლით ზამთრის მენიუს ფასებს, გამომდინარე იქიდან, რომ დეკემბრის თვეში უფრო და უფრო იზრდება ფასები პროდუქტებზე. კატასტროფულად არის გაზრდილი ფასები ხორცის პროდუქტზე, იმპორტირებულ პროდუქტზე. ერთ თვეს ერთი ფასია, მეორე თვეში შეიძლება შენი დაგეგმილი ფასი აბსოლუტურად შეიცვალოს.

ეს ძალიან ცუდად აისახება ჩვენზე, ვერ ვარეგულირებთ საშუალო ფასს, ვზრდით ამ ფასს და მომხმარებელი არის უკმაყოფილო.

უცხოელი დამსვენებელი ამ ფასებს ვერ ამჩნევს, ისეთი მაღალმხარჯველუნარიანი ხალხი დადის, რომ ამ ფასებზე პრობლემა არ აქვს. პრობლემა აქვს მხოლოდ ქართველ მომხმარებელს, იმიტომ, რომ საქართველოში არც ხელფასები გაზრდილა და არც შემოსავლები ამ ხალხის, ფასები კი კატასტროფულად იზრდება.

ფასები ასევე იზრდება თბილისის რესტორნებშიც. სავარაუდოდ 5%-ით გავზრდით ფასებს, რაც იყო შარშანდელთან შედარებით ინფლაციიდან გამომდინარე.”- ამბობს რესტორან მთვრალი ალუბალის დამფუძნებელი მირანდა ესაკია.

რაც შეეხება ტურისტულ სეზონს, მირანდა ესაკიას თქმით, ამ ეტაპზე გუდაურში ჯავშნები არ არის, რადგან კურორტზე თოვლი ჯერ არ მოსულა. მისი თქმით, ბიზნესს ინფორმაცია არ აქვს, როდის იხსნება ოფიციალურად ზამთრის სეზონი. ესაკიას თქმით, მთის კურორტების სააგენტო სექტორს ამ საკითხზე არ ესაუბრება.

“ბიზნესი მზად ვართ ტურისტების შესახვედრად. ჯავშნები დეკემბრის და იანვრის თვეში ნაკლები გვაქვს, რადგან ჯერჯერობით საქართველოში ნალექი არ მოსულა. შესაბამისად, წინა წლების გამოცდილებიდან გამომდინარე, რადგან ჩვენ არ გვაქვს ხელოვნური გათოვლიანება, ყველა თავს იკავებს ამ პერიოდში ჯავშნებზე. MTA ვერ ასახელებს კონკრეტულ თარიღს, როდის გაიხსნება ზამთრის სეზონი, როდის გაიხსნება საბაგიროები, მაგრამ თებერვლის და მარტის თვეში ძალიან დიდი აქტივობა გვაქვს.”- აცხადებს რესტორან მთვრალი ალუბალის დამფუძნებელი მირანდა ესაკია.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები