საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია უცხოური გავლენის აგენტების გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტებთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ამ კანონის მიღება კრიტიკულ შეუთავსებლობაშია დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნდამენტურ პრონციპებთან და ის დააზიანებს საქართველოს ევრო-ატლანტიკურ მისწრაფებებს.
“2023 წლის 14 თებერვალს პარლამენტში დარეგისტრირდა კანონპროექტი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, ხოლო 2023 წლის 27 თებერვალს იმავე პოლიტიკურმა მოძრაობა „ხალხის ძალამ“ ალტერნატივის სახით წარადგინა კანონპროექტი „უცხოელი აგენტების რეგისტრაციის შესახებ.“
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია კატეგორიულად ეწინააღმდეგება ე.წ უცხოური აგენტების შესახებ კანონს, როგორც პირველად, ასევე ალტერნატივის სახით წარდგენილ ვერსიას. ასოციაცია მიიჩნევს, რომ აღნიშნული კანონით უხეშად ირღვევა როგორც საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული ძირითადი უფლებები და თავისუფლებები, ასევე კანონი ეწინააღმდეგება საერთაშორისო კანონმდებლობას, არღვევს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-11 მუხლს და წინააღმდეგობაშია იმ რეკომენდაციებთან, რაც ქვეყანამ მიიღო ევროკავშირის წევრი კანდიდატის სტატუსის მისანიჭებლად.
მიგვაჩნია, რომ აღნიშნული კანონპროექტი არის უკიდურესად მაკონტროლებელი და შემზღუდველი, აღნიშნული კი წინააღმდეგობაშია როგორც გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებასთან, ასევე დემოკრატიული და სამართლებრივი სახელმწიფოს ფუნდამენტურ პრინციპებთან და ღირებულებებთან. „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტში გაწერილა: ვინ ითვლება უცხოური გავლენის აგენტად, ვინ არის უცხოური ძალა, უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციის პროცედურა, უცხოური გავლენის აგენტთა რეესტრის საჯაროობის უზრუნველყოფა, მონიტორინგის მექანიზმი და პაუსიხსმგებლობის სახეები.
უნდა აღინიშნოს, რომ 2023 წელი საქართველოსთვის არის უაღრესად მნიშვნელოვანი, რადგან საქართველო ევროკავშირის წევრის კანდიდატის სტატუსს ელოდება, აღნიშნული სტატუსის მისაღებად კი ქვეყანას შესასრულებელი აქვს კონკრეტული 12 პუნქტიანი გეგმა. აღნიშნული კანონი კი სრულიად წინააღმდეგობაშია რეკომენდაციებთან, კერძოდ: მე-7 რეკომენდაცია, რომელიც ეხება სათანადო მედიაგარემოს უზრუნველყოფას და მოუწოდებს სახელმწიფოს გაატაროს რეფორმები თავისუფალი, დამოუკიდებელი მედიაგარემოს უზრუნველსაყოფად. ასევე აღნიშნული კანონი წინააღმდეგობაში მოდის მე-10 პუნქტთან, რომელიც ითვალისწინებს გადაწყვეტილებათა მიღების პროცესში სამოქალაქო საზოგადოების ჩართულობას.
საქართველოს დამსაქმებეელთა ასოციაციისთვის უაღრესად მნიშვნელოვანია საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობა და მათი მხარდაჭერა, ვინაიდან ასოციაციის მიერ ჩატარებული ღონისძიებები, კვლევები და საკანონმდებლო ინიციატივები დიდწილად ეფუძნება უცხოური დონორი კომპანიების რესურს. სწორედ, საერთაშორისო პარტნიორული პროექტები და აქტივობებით გამოცილების გაზიარება ხელს უწყობს ბიზნეს კულტურისა და დასავლური ფასეულობების დანერგვას ჩვენს ქვეყანაში.
უნდა აღნიშნოს, რომ აღნიშნულ კანონს დიდი გამოხმაურება მოჰყვა ევროკავშირის მხრიდან, კერძოდ: ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ საუბარში აღნიშნა, რომ „აღნიშნული ინიციატივა არის შეუთავსებელი, სულ მცირე 12 პრიორიტეტთან. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ეს არის ცუდი გზავნილი, რომელიც ამავდროულად ცუდ დროს შემუშავდა. მაგრამ იმედი მაქვს, რომ როგორმე გადაიფიქრებენ და არ მიიღებენ. ეს ინიციატივა აშკარად არ შეესაბამება ევროკავშირის ღირებულებებსა და პრინციპებს. ასე რომ, ჯერ კიდევ არის დრო და იმედი მაქვს, რომ ეს ინიციატივა არ გადაიქცევა კანონად“.
საქართველოს დამსაქმებელთა ასოციაცია ხაზს უსვამს, რომ აღნიშნული კანონპროექტი ეწინააღმდეგება საქართველოს კონსტიტუციას, ეწინააღმდეგება საერთაშორისოდ აღიარებულ ძირითად უფლებებს, ასევე აფერხებს საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას. ვიმედოვნებთ, რომ პარლამენტის მხირდან არ იქნება მხარდაჭერი აღნიშნული კანონპროექტი,”- ნათქვამია განცხადებაში.
დამსაქმებელთა ასოციაციის მსგავსად, კანონპროექტს საქართველოს პროფკავშირებიც გმობს, რომელმაც განცხადება გუშინ გამოაქვეყნა.