კავკასიის და ცენტრალური აზიის უფრო მჭიდრო ფინანსური ინტეგრაცია რეგიონის ეკონომიკის ზრდის მამოძრავებელი შეიძლება გახდეს - ამის შესახებ IMF-ის ახლო აღმოსავლეთის, კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის მთავარმა დირექტორმა ჯიჰად აზურმა "ანალიტიკასთან" საუბრისას განაცხადა. მისი თქმით, ამ რეგიონში სახელმწიფოთა მხრიდან ფინანსურ სექტორზე რეგულაციების შერბილებით და ფინანსური სისტემების ურთიერთდაკავშირებადობის გაზრდით შესაძლებელია ისეთი სინერგიის შექმნა, რომელიც ამ ქვეყნების ეკონომიკურ ზრდას ახალ პოტენციალს შესძენს.
"აუცილებელია საფინანსო სექტორში კონკურენციის წახალისება და ხელისუფლების როლის და გავლენის შემცირება საბანკო სექტორზე. ეკონომიკური ზრდის მამოძრავებელი შეიძლება რეგიონის საფინანსო ინტეგრაციაც გახდეს – ბარიერების მოხსნით, ციფრული გადაწყვეტების განვითარებით", - განაცხადა ჯიჰად აზურმა.
ჯიჰად აზურის განცხადებით, 2024 წლისთვის რეგიონში საშუალოდ 4.3%-იანი ეკონომიკური ზრდა არის მოსალოდნელი, ხოლო მომდევნო წელს ის 4.5%-მდე გაიზრდება.
"რეგიონის ქვეყნების ეკონომიკებმა, გამოწვევების მიუხედავად, შეძლეს ეკონომიკური ზრდის კარგი დონის შენარჩუნება. ჩვენი მოლოდინია, რომ ეკონომიკა ზრდას მომავალშიც განაგრძობს – წელს, 4.3%, რაც აპრილის ზრდასთან შედარებით, მცირედით გაუმჯობესებული პროგნოზია. მომავალ წელს რეგიონის ზრდა 4.5% იქნება.
რეგიონის ზოგიერთ ქვეყანაში ვაჭრობის ტემპის და სხვა ნაკადების შემცირების ნიშნებს ვხედავთ – განსაკუთრებით, ფულადი გზავნილების თვალსაზრისით, რაზეც გავლენას ახდენს რუსეთის ომი უკრაინაში.
რაც შეეხება ნავთობის ექსპორტიორ ქვეყნებს, მათ პროგნოზს აუარესებს ნავთობის დაბალი წარმოება და ის გაურკვევლობა, რასაც ამ ეტაპზე ვაკვირდებით ნავთობის ბაზარზე.
ნავთობის იმპორტიორ ქვეყნებში ეკონომიკური ზრდის უფრო მაღალი ეკონომიკური ზრდაა. ეკონომიკური ზრდის საშუალო მაჩვენებელი 6%–ს აჭარბებს.
თუმცა, ეკონომიკური ზრდის საშუალოვადიანი პროგნოზები გაუარესებულია, რადგან ეკონომიკური ზრდის მხარდასაჭერად აუცილებელია სტრუქტურული რეფორმების გატარება.
ვიტყოდი, რომ რეგიონისთვის საკმაოდ დადებით სურათს ქმნის ინფლაციაც. საშუალო მაჩვენებელი წელს 6.9%–მდე მცირდება. საშუალოვადიან პერიოდში ჩვენი პროგნოზია, რომ ინფლაცია 5%–მდე შემცირდება.
ამდენად, შერეული სურათი გვაქვს. მთავარი განსხვავება ძირითადად ნავთობის ექსპორტიორ და იმპორტიორ ქვეყნებს შორის გვაქვს. ამ ეტაპზე ნავთობის იმპორტიორ ყველა ქვეყანაში ეკონომიკური ზრდა მაღალია,"- აცხადებს ჯიჰად აზური.
2025 წლისთვის კავკასიის და ცენტრალური აზიის ქვეყნებისთვის IMF-ის ზრდის პროგნოზი ასეთია:
- საქართველო - 6%;
- აზერბაიჯანი - 2.5%;
- სომხეთი - 4.9%;
- ყაზახეთი - 4.6%;
- უზბეკეთი - 5.7%;
- ყირგიზეთი - 5%;
- ტაჯიკეთი - 4.5%;
- თურქმენეთი - 2.3%.