მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის აღდგება IMF-ის პროგრამა საქართველოში? - BMG-ის კითხვა და ჯიჰად აზურის პასუხი

ჯიჰად აზური

საერთაშორისო სავალუტო ფონდის (IMF) დირექტორი ცენტრალურ აზიასა და ახლო აღმოსავლეთის რეგიონში, ჯიჰად აზური პასუხობს BMG-ის კითხვას ფონდის მიერ შეჩერებული პროგრამის აღდგენის თაობაზე.

აზური განმარტავს, რომ ფონდის სურვილია იხილოს ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობა მის პარტნიორ ქვეყნებში რადგანაც ეს მონეტარული პოლიტიკის ეფექტიანად განხორციელებისთვის გადამწყვეტია. აზური ამბობს, რომ საქართველოს წინა კრიზისების დროს სებ-ის დამოუკიდებლობა საკმაოდ დაეხმარა, რა დროსაც მიღებულმა გადაწყვეტილებებმა წელს ინფლაციის დონის შემცირება განაპირობა. შესაბამისად, აზური ფონდის პროგრამის აღდგენისთვის მთავარ საკითხად სწორედ სებ-ის დამოუკიდებლობას ასახელებს.

“როგორც უკვე აღვნიშნე, ცენტრალური ბანკების დამოუკიდებლობა არის მნიშვნელოვანი ფაქტორი მონეტარული პოლიტიკის საიმედოობისთვის და სანდოობისთვის. შემიძლია ვთქვა, რომ ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობა საქართველოს ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში საკმაოდ დაეხმარა რამდენიმე შოკის გადატანასა და მონეტარული პოლიტიკის ჩარჩოს შენარჩუნებაში, რასაც ვიხილეთ რომ წელს ინფლაციის მკვეთრი შემცირება მოჰყვა. მე ვიტყოდი რომ ეს მხოლოდ საქართველოს არ ეხება და ცენტრალური ბანკის დამოუკიდებლობა რეგიონის სხვა ქვეყნებისთვისაც ძალიან მნიშვნელოვანია და ის გადაწყვეტილებების სანდოობისთვის და მონეტარული პოლიტიკის სამიზნეს განსაზღვრისთვის არის მნიშვნელოვანი, განსაკუთრებით კი იმ პირობებში, როდესაც სახეზეა ეკონომიკის მაღალი დოლარიზაცია. ეს ყველაფერი არის საკმაოდ მნიშვნელოვანი შემადგენელი ნაწილები იმისთვის, რათა მონეტარულ პოლიტიკას სანდოობა მისცენ. ეს სანდოობა კი არამხოლოდ მონეტარული პოლიტიკის მიზნების მიღწევისთვის, არამედ ქვეყნის საინვესტიციო მიმზიდველობის გაზრდისთვისაც მნიშვნელოვანია, რათა შემოვიდნენ უცხოური ბანკებიც და მათაც დაიწყონ საქმიანობა”, - აცხადებს ჯიჰად აზური.

IMF-ის პროგრამის მეორე მიმოხილვა მას შემდეგ შეჩერდა, რაც საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებები შეიტანა. ამ ცვლილებებით ეროვნულ ბანკში პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა შეიქმნა, რომელიც პრეზიდენტის არყოფნის პერიოდში სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელია. კანონის მიღების შემდეგ ეროვნული ბანკის საბჭომ პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე ნათია თურნავა აირჩია.

IMF აცხადებდა, რომ ეს საკანონმდებლო ცვლილებები მათთან შეთანხმებული არ იყო, რაც ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის პირობების დარღვევას წარმოადგენდა.

კიდევ ერთი საკითხი, რომელიც IMF-სა და საქართველოს შორის დაძაბულობის მიზეზი გახდა სანქციების აღსრულების წესში შეტანილი გამონაკლისია, რასთან დაკავშირებითაც სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა ჯეიმს ჯონმა განაცხადა, რომ ეს ცვლილება ფონდის შეშფოთებას იწვევს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები