მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

რეგიონის ქვეყნებმა რეზერვები უნდა შეავსონ, რათა ეკონომიკები შოკებისგან დაიცვან - ჯიჰად აზური

ჯიჰად აზური

"რეგიონის ქვეყნებმა უნდა შეავსონ რეზერვები იმისთვის, რომ დაიცვან საკუთარი ეკონომიკები მომავალი შოკებისგან. ამ მიმართულებით, ფისკალური მდგრადობის შენარჩუნება აუცილებელი პირობაა. რეზერვების შევსების პოლიტიკას თან უნდა ახლდეს სოციალური სისტემების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესება," - განაცხადა ახლო აღმოსავლეთსა და ცენტრალურ აზიაში IMF-ის დირექტორმა ჯიჰად აზურმა.

აზურის განცხადებით, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნებმა ასევე მეტი ყურადღება უნდა გაამახვილონ სტრუქტურულ რეფორმებზე იმის მიუხედავად, რომ მსგავს გადაწყვეტილებებს ხშირად სირთულეებიც შეიძლება სდევდეს თან.

"გავცემთ რეკომენდაციას სტრუქტურული რეფორმების გააქტიურების თვალსაზრისით. გვესმის, რომ ამ ტიპის გადაწყვეტილებებს შეიძლება თან ახლდეს სოციალური თუ პოლიტიკური წინააღმდეგობაც. მაკროეკონომიკური სტაბილურობის შენარჩუნებასთან ერთად, უნდა გაძლიერდეს სოციალური დაცვის პოლიტიკა.

რეფორმები სტრატეგიულად უნდა იყოს გათვლილი. პირველი – ფოკუსი უნდა გაძლიერდეს სტრუქტურულ რეფორმებზე – განსაკუთრებით მმართველობის მხარეს. ამით შესაძლებელი გახდება საშუალო ვადაში ეკონომიკური ზრდის წახალისება და მედეგობის გაძლიერება. ეს დაეხმარება სამუშაო ადგილების შექმნას და შრომის ბაზარზე მეტ ჩართულობას, განსაკუთრებით ქალების და ახალგაზრდების შემთხვევაში.

რა არის ამისთვის საჭირო? მეტი დაფინანსება და პროდუქტიულობის გაუმჯობესება – ბაზრისთვის სტაბილური მაკროეკონომიკური პოლიტიკის შეთავაზებით ერთი მხრივ და მეორე მხრივ – ინფრასტრუქტურის – განსაკუთრებით, ციფრული ინფრასტრუქტურის ხარისხის გაუმჯობესებით.

აუცილებელია სავაჭრო ბარიერების შემცირება, პროდუქციისა და ბაზრების დივერსიფიკაცია, დაკავშირებადობის გაზრდა და ახალი სავაჭრო მარშრუტების განვითარება.

აუცილებელია საფინანსო სექტორში კონკურენციის წახალისება და ხელისუფლების როლის და გავლენის შემცირება საბანკო სექტორზე. ეკონომიკური ზრდის მამოძრავებელი შეიძლება რეგიონის საფინანსო ინტეგრაციაც გახდეს – ბარიერების მოხსნით, ციფრული გადაწყვეტების განვითარებით.

რაც შეეხება ფისკალურ პოლიტიკას, რეგიონის ქვეყნებმა უნდა შეავსონ რეზერვები იმისთვის, რომ დაიცვან საკუთარი ეკონომიკები მომავალი შოკებისგან. ამ მიმართულებით, ფისკალური მდგრადობის შენარჩუნება აუცილებელი პირობაა. რეზერვების შევსების პოლიტიკას თან უნდა ახლდეს სოციალური სისტემების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესება.

ზოგიერთ ქვეყანაში ვალის მაღალი დონეა – შესაძლოა, საჭირო იყოს ფისკალური კონსოლიდაცია.

მონეტარული პოლიტიკის მხარეს, მნიშვნელოვანია ინფლაცია შენარჩუნდეს დაბალ დონეზე. სტაბილურობა მნიშვნელოვანია, რასაც თან უნდა ახლდეს ცენტრალური ბანკების დამოუკიდებლობის გაძლიერება. ამ მიმართულებით გამჭვირვალობა კომუნიკაციაში იქნება გადამწყვეტი, რომ გასაგები იყოს ცენტრალური ბანკების პოლიტიკა და შენარჩუნდეს მონეტარული პოლიტიკის დამოუკიდებლობა,"- განაცხადა ჯიჰად აზურმა.

საქართველო კავკასიისა და ცენტრალური აზიის რეგიონის ერთ-ერთი ქვეყანა, რომელსაც IMF-ი სავალუტო რეზერვების ზრდისკენ მოუწოდებს. საქართველოს სავალუტო რეზერვები მხოლოდ ოქტომბერში 627 მილიონი დოლარით $4 მილიარდამდე შემცირდა. IMF-მა რეზერვების შევსებისკენ სებ-ს ჯერ კიდევ მიმდინარე წლის აპრილში მოუწოდა და მიუთითა, რომ ამჟამად საქართველოს რეზერვები ადეკვატურობის ზღვარს ჩამოუვარდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები