მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

სახელმწიფო საწარმოების რეფორმა ერთ-ერთი საკითხი იყო, რამაც პროგრამის გაჩერება გამოიწვია - IMF

ჯიჰად აზური

საერთაშორისო სავალუტო ფონდის დირექტორი ახლო აღმოსავლეთსა და ცენტრალურ აზიაში, ჯიჰად აზური გადაცემა "ანალიტიკასთან" ინტრევიუში აცხადებს, რომ სახელმწიფო საწარმოების რეფორმა ერთ-ერთი საკითხი იყო, რასაც 2023 წელს საქართველოში IMF-ის პროგრამის შეჩერება მოჰყვა. ჯიჰად აზურის განცხადებით, სახელმწიფო საწარმოების მმართველობითი რეფორმა არის სტრუქტურული მნიშვნელობის რეფორმა და მისი განხორციელება ქვეყნის ფისკალური რისკების შესამცირებლად არის აუცილებელი.

- რეგიონის კონტექსტში, თქვენც გაუსვით სტრუქტურული რეფორმების გატარების აუცილებლობას. ახლა – პროგრამის შეჩერების პირობებში – მიმდინარეობს თუ არა ამ მიმართულებით მუშაობა, ტექნიკური მხარდაჭერა მთავრობის. პროგრამის ხელმოწერისთვის საკმაოდ მნიშვნელოვანი რეფორმები იყო შეთანხმებული მთავრობასთან – არის რაიმე ტიპის თანამშრომლობა შენარჩუნებული ამ მიმართულებით?

- ელენე, მთავარი რეფორმა რომელსაც შენ გულისხმობ – სახელმწიფო საწარმოების რეფორმაა. ეს რეფორმა იმ საკითხებს შორის იყო, რამაც საბოლოო ჯამში, პროგრამის შეჩერება გამოიწვია. ჩვენ დღესაც გვჯერა, რომ სახელმწიფო საწარმოების რეფორმა გაზრდის ქვეყნის მაკროეკონომიკურ სტაბილურობას და შეამცირებს ფისკალურ რისკებს, მაგრამ ამასთანავე ხელს შეუწყობს ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნებას საშუალო ვადაში. ეს რეფორმა მხარს დაუჭერს თანაბარ კონკურენციას საჯარო და კერძო სექტორს შორის.

ამდენად, ჩვენ ისევ ვფიქრობთ, რომ საქართველოს ეკონომიკა და მისი მაჩვენებლები საშუალოვადიან პერიოდში დიდწილად იქნება დამოკიდებული ხელისუფლების უნარზე, რომ დააჩქარონ სახელმწიფო საწარმოების რეფორმა და ამით უზრუნველყონ კერძო სექტორში სწორი ინვესტიციების შემოდინება და ბიზნესგარემოს გაუმჯობესება,"- განაცხადა ჯიჰად აზურმა.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ საქართველოს მთავრობისთვის შეთავაზებული რეფორმების პროექტი სახელმწიფო კომპანიების მმართველობის გაუმჯობესებაზე მნიშვნელოვან აქცენტს აკეთებდა. ეს ცვლილებები მთლიანობაში სახელმწიფო კომპანიების ფინანსური შედეგების გაუმჯობესებისკენ არის მიმართული, რომლებიც წლიდან წლამდე მნიშვნელოვან ზარალს განიცდიან. ფინანსთა სამინისტროს მიერ გამოქვეყნებული ფისკალური რისკების ანალიზის დოკუმენტის თანახმად, 2023 წელს სახელმწიფო საწარმოების სექტორმა 235 მილიონი ლარის ზარალი განიცადეს.

IMF-ის მიერ მხარდაჭერილი $280-მილიონიანი პროგრამა 2023 წლის ზაფხულში მას შემდეგ შეჩერდა , რაც საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებები შეიტანა. სწორედ ამ ცვლილებებით სებ-ის სტრუქტურაში გაჩნდა პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტი, რომელიც პრეზიდენტის არყოფნის პერიოდში მის მოვალეობებს ასრულებს. IMF-ის შეშფოთება გააღრმავა 2023 წლის სექტემბერში სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებლის, ნათია თურნავას მიერ საერთაშორისო სანქციების აღსრულების შესახებ საგამონაკლისო წესის მიღებამ.

ამ ფაქტების გამო, IMF-ის პროგრამა შეჩერდა, რადგანაც საქართველოს მთავრობას ფონდთან გაფორმებულ მემორანდუმში ვალდებულებად ჰქონდა აღებული, რომ ხელისუფლება ფონდთან შეუთანხმებლად სებ-ის კანონმდებლობას არ შეცვლიდა, პარლამენტის მიერ დაძლეული ვეტო კი სწორედ ამ ვალდებულების დარღვევას წარმოადგენდა.

კიდევ ერთი საკითხი, რომელსაც სავალუტო ფონდი უსვამს ხაზს უკავშირდება სახელმწიფო საწარმოების მართვას. IMF მიიჩნევს, რომ კანონში, რომელიც პარლამენტმა უნდა მიიღოს ასახული უნდა იყოს სახელმწიფო საწარმოთა რეფორმირების ის მოდელი, რომელიც ასახულია ფონდის ჩართულობით 2022 წლის ბოლოს მომზადებულ სტრატეგიაში. თუმცა, როგორც საქართველოში IMF--ის მუდმივი წარმომადგენელი ენდრიუ ჯუველი BMG-სთან აღნიშნავს, კანონპროექტში, რომელიც მათ იხილეს ამ სტრატეგიით განსაზღვრული პუნქტები სრულად ასახული არაა. საუბარია სახელმწიფო საწარმოების თანამფლობელის სტატუსის ფინანსთა სამინისტროსთვის მიცემაზე და ამ უწყების მიერ სახელმწიფო კომპანიების ფისკალური რისკების მუდმივ მონიტორინგზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები