მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კახა ბექაური: კავკასუს ონლაინში უკანონო ტრანზაქცია განხორციელდა და ჩვენ ამ გარიგებას არ ვაღიარებთ

5f3e969ab6095
შოთა ტყეშელაშვილი
20.08.20 19:27
1355
საქართველოს კომუნიკაციების ეროვნულმა კომისიამ დღევანდელ სხდომაზე კავკასუს ონლაინს 270,000 ლარიანი ჯარიმა დააკისრა და ერთი თვე მისცა, რათა შებრუნდეს გარიგება, რომლითაც კომპანიის 49%-იანი წილის მფლობელი NEQSOL ჰოლდინგი გახდა.

"უკანონო ტრანზაქცია განხორციელდა და ჩვენ ამ ტრანზაქციას არ ვაღიარებთ" - განაცხადა სხდომაზე კახა კომისიის ხელმძღვანელმა ბექაურმა. 

კახა ბექაურის თქმით, იმ შემთხვევაში თუ ერთი თვის ვადაში არ მოხდება კომპანიის მხრიდან ვალდებულების შესრულება, შესაძლოა კითხვის ნიშნის ქვეშ დადგეს თუ რამდენად ეფექტურია ფინანსური სანქცირების პრინციპი და კომპანიას კანონით გათვალისწინებული სხვა სახის სანქციები დაეკისროს.

ამ დროისთვის უცნობია გამოიყენებს თუ არა კომისია კომპანიასთან მიმართებით სპეციალური მმართველის დანიშვნის ნორმას. 

საქართველოს კომუნიკაციების კომისიამ კომპანია “კავკასუს ონლაინს” 2020 წლის პირველ აგვისტომდე მისცა ვადა იმისთვის, რათა ტრანზაქცია, რომლითაც აზერბაიჯანულმა ჰოლდინგმა NEQSOL-მა "კავკასუს ონლაინი" იყიდა გაბათილებულიყო და კომპანიის 49%-იანი წილი მის ძველ მფლობელს ხვიჩა მაქაცარიას დაბრუნებოდა.

შეგახსენებთ, რომ კომპანია NEQSOL-მა 2019 წელს “კავკასუს ონლაინის” მშობელი კომპანიის 49%-იანი წილი შეისყიდა და მასში $61 მილიონი აშშ დოლარი გადაიხადა. სწორედ ამ გარიგებას მოჰყვა საქართველოს კომუნიკაციების კომისიის და მთავრობის მკვეთრი რეაგირება. კომისია მიუთითდებდა, რომ გარიგება მათთან არ იყო წინასწარ შეთანხმებული, რასაც "კავკასუსითვის" მკაცრი სანქცია უნდა მოყოლოდა.

თავად NEQSOL-ის წარმომადგენლები კი ამბობენ, რომ საქართველოს მაშინდელი ხელისუფლება გარიგების საქმის კურსში იყო და არსებობდა შესაბამისი თანხმობაც იმის თაობაზე, რომ “კავკასუსის” მეწილეთა რიგებში ცვლილება განხორციელებულიყო.

სწორედ ეს დავა გახდა მიზეზი, რის გამოც, პარლამენტმა დაჩქარებული წესით მიიღო კანონი, რომელიც კომისიას უფლებას აძლევს კომპანიებში სპეციალური მმართველი დანიშნოს.

თავისმხრივ აზერბაიჯანილი ჰოლდინგის მიზანი ევროპასა და ცენტრალურ აზიას შორის ოპტიკურ ბოჭკოვანი კაბელებით ახალი ციფრული დერეფანის შექმნაა.

NEQSOL ჰოლდინგი ქართული მარეგულირებლის გადაწყვეტილებებს არ ეთანხმება და თუ მხარეებს შორის შეთანხმება ვერ მოხდა, საერთაშორისო არბიტრაჟისთვის მიმართვასაც აპირებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები