სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებელ შალვა ალავერდაშვილის შეფასებით, საქართველოს საერთაშორისო ტურიზმის შემოსავლებში ისრაელელი მოგზაურების წვლილი 500 მილიონ დოლარს აღემატება.
საქმე ის არის, ისრაელიდან, ირანიდან და სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან, რომელშიც შედიან საუდის არაბეთი, საამიროები, კატარი, ქუვეითი, ბაჰრეინი და ომანი, საქართველოს ტურიზმმა 2025 წელს 923 მლნ დოლარის შემოსავალი მიიღო, საიდანაც ნახევარ მილიარდ დოლარზე მეტი ისრაელზე მოდის. კერძოდ, საინვესტიციო ბანკ Galt & Taggart-ის მიერ დამუშავებული მონაცემებით, რომელიც ეროვნულ ბანკს ეყრდნობა, ისრაელელმა მოგზაურებმა შარშან საქართველოში $586 მლნ დახარჯეს, ირანიდან ვიზიტორებმა - $163 მლნ, ხოლო ყურის ქვეყნების წილი $435 მლნ იყო.
ჰოტელიერის თქმით, ირან-ისრაელს შორის კონფლიქტი სერიოზული დარტყმაა საქართველოსთვის და უშუალოდ, აჭარის ტურიზმისთვის.
"ისრაელელი სტუმრები საქართველოში მაღალმხარჯველუნარიანობით გამოირჩევიან... რეალური რიცხვი, სავარაუდოდ, გაცილებით მაღალია ვიდრე ნახევარი მილიარდი დოლარი, თუ გავითვალისწინებთ სათამაშო ბიზნესს. ბათუმის ტურიზმი დიდწილად ეყრდნობა ჩარტერულ რეისებს, რომლებსაც ისრაელიდან კაზინოს მოთამაშეები ჩამოჰყავთ. ბევრი სასტუმრო სწორედ ამ მოდელზეა აწყობილი: უფასო განთავსება, კვება და ტრანსპორტირება დეპოზიტის სანაცვლოდ. დღეს ეს ჯაჭვი გაწყვეტილია. კაზინოს სექტორმა ბათუმში უმძიმესი დარტყმა მიიღო, რაც პირდაპირ აისახება რეგიონის ეკონომიკაზე", - ამბობს "წერტილთან" ინტერვიუში შალვა ალავერდაშვილი.
რაც შეეხება თბილისის ტურიზმზე ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის გავლენას, ჰოტელიერის შეფასებით, დედაქალაქში ვითარება შედარებით სტაბილურია, თუმცა გამოწვევები უკვე ჩანს.
შალვა ალავერდაშვილის თქმით, თბილისის სასტუმროებმა, დაახლოებით, 15-20%-იანი დარტყმა მიიღო ჯავშნების გაუქმებისა თუ გადავადების სახით. „მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ თბილისში ბევრი ჯავშანი არ გაუქმებულა, არამედ გადავადდა, რაც იმედს იძლევა, რომ ვითარების დასტაბილურებისთანავე ეს სტუმრები მაინც ჩამოვლენ. თუმცა აპრილის პერიოდი, რომელიც ებრაულ პასექს ემთხვევა, კვლავ კითხვის ნიშნის ქვეშაა. ეს არის პერიოდი, როდესაც ისრაელიდან ტურისტების მასიური შემოდინება იწყება, მაგრამ არსებული ფორსმაჟორი ამ გეგმებსაც ცვლის“, - აღნიშნა მან.
"წერტილთან" ინტერვიუში სასტუმროების ფედერაციის დამფუძნებელმა შეაფასა ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტის გავლენაც ზამთრის ტურისტულ სეზონზე, რომელიც ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული.
შალვა ალავერდაშვილის თქმი, წლევანდელი ზამთრის სეზონი გუდაურისთვის რეკორდული და იმედისმომცემი უნდა ყოფილიყო. ბოლო წლებში კურორტი ისრაელელი ახალგაზრდებისთვის ერთ-ერთ ყველაზე სასურველ მიმართულებად იქცა, თუმცა კონფლიქტის ესკალაციამ ეს დინამიკა რადიკალურად შეცვალა.
„გუდაურის სასტუმროების დატვირთულობის 60-70% სწორედ ყურის ქვეყნებსა და ისრაელზე მოდიოდა. მარტში, როდესაც კლიმატური პირობები ჯერ კიდევ იძლეოდა სრიალის საშუალებას, ჯავშნების უდიდესი ნაწილი გაუქმდა. ეს არ ყოფილა ტურისტების სურვილი – ეს იყო ფიზიკური შეუძლებლობა, რადგან შეწყდა ფრენები და შეიცვალა პრიორიტეტები.
სასტუმროების მფლობელები მძიმე არჩევანის წინაშე დადგნენ: დაებრუნებინათ თუ არა წინასწარ ჩარიცხული თანხები. მიუხედავად იმისა, რომ ბიზნესისთვის გადახდილი ფულის უკან დაბრუნება რთულია, ბევრმა მათგანმა სწორი სტრატეგიული გადაწყვეტილება მიიღო. პარტნიორების ლოიალობის შესანარჩუნებლად თანხები დაბრუნდა, რითაც საფუძველი ჩაეყარა მომავალ წელს მათ კვლავ ჩამოსვლას, თუმცა ფაქტია: მარტის შემოსავლების 70%-მდე უბრალოდ გაქრა“, - განაცხადა შალვა ალავერდაშვილმა.




























