მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კენკროვანი ბაღების 80% გაიჩეხა“ - ასოციაცია მიზეზებზე

64883cdd12518
სალომე ხიდურელი
18.06.23 18:00
1791
ფერმერების მიერ კენკროვანი ბაღების გაჩეხისა და მიტოვების მიზეზებზე BMGTV-ს გადაცემა „საქმიან დილაში“ კენკრის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარე იზოლდა ქიტესაშვილმა ისაუბრა. 

მისი თქმით, კენკროვანი ბაღების 80% გაიჩეხა.

„„5-6 წლის წინ დაიწყო კენკროვანი ბაღების აქტიური გაშენება. გაშენდა მაყვალი, მარწყვი... მაგრამ დღეს სავალალო მდგომარეობაა, ბაღების 80% გაიჩეხა. რეალიზაცია იყო ნაკლები, ექსპორტზე ვერ გავიდა, რადგან არ გვქონდა ხარისხიანი პროდუქცია. ამის ერთ-ერთი მიზეზი ისიცაა, რომ ძალიან მალფუჭებადი პროდუქტია. დაცული უნდა იყოს როგორც ხარისხი, ასევე კრეფის პროცედურა და თუ ეს ყველაფერი არ არის, ძალიან სწრაფად ფუჭდება და მომხმარებელი იწუნებს ამ პროდუქციას“, - ამბობს ქიტესაშვილი.

მიზეზებზე საუბრისას, თუ რატომ ვერ დააკმაყოფილა ქართულმა კენკრამ საექსპორტო ხარისხზე მოთხოვნა, ასოციაციის თავმჯდომარე აღნიშნავს, რომ ფერმერებმა ბაღებს საკმარისი ყურადღება ვერ მიაქციეს.

„ძალიან ბევრი სუბიექტური და ობიექტური მიზეზი იყო. ზოგან ფერმერების უყურადღებობა, არასაკმარისი ცოდნა... ასევე, ბევრ ფერმერს სარწყავი სისტემებიდან წყალი დროულად არ მიეწოდებოდათ, რაც აზიანებდა არა მხოლოდ ნაყოფს, არამედ მცენარესაც, მკვეთრად ეცემოდა მისი ხარისხი და აქედან ფერმერები ვერ იღებდნენ მოსალოდნელ მოგებას“, - ამბობს იზოლდა ქიტესაშვილი.

მისი თქმით, აქამდე, წინასწარი გამოთვლებით, საქართველოდან ექსპორტზე 200-300 ტონა მაყვალი უნდა გასულიყო, თუმცა, ბოლო მონაცემებით ეს მაჩვენებელი 7-8 ტონას ვერ ასცდა. მთავარი საექსპორტო ბაზარი კი რუსეთი იყო, რადგან, როგორც ასოციაციის თავმჯდომარე აღნიშნავს, სხვა ქვეყნებში გატანისთვის საჭირო რაოდენობა არ გროვდებოდა.

„მაყვლის სარეალიზაციო საექსპორტო ფასი 1 კგ 5-6 ლარი იყო. ადგილობრივ ბაზარზე უფრო ნაკლები - 3 ლარი, ზოგი მწარმოებელი 1.5 ლარად ყიდულობდა, როცა ფერმერს ერთი კილოგრამის მოკრეფა 1 ლარი უჯდება, მოვლაზე აღარ არის საუბარი. აქედან გამომდინარე, ფერმერებმა ანაზღაურება ვერ მიიღეს“, - ამბობს იზოლდა ქიტესაშვილი.

კენკრის მწარმოებელთა ასოციაციის თავმჯდომარის განმარტებით, პრობლემა, ასევე, საქართველოს კლიმატური პირობებია. ფერმერთა უმრავლესობამ ვერ გაითვალისწინა, რომ ცხელ კლიმატში კენკრა, მაგალითად ჟოლო, ვერ ხარობს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები