მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კერძო სასაფლოების მოწყობა შესაძლოა, კანონით დარეგულირდეს - ომბუდსმენი პარლამენტს მიმართავს

643fb8eea6dd2
გიგა ბენია
19.04.23 18:15
2250
საქართველოს სახალხო დამცველი პარლამენტის თავმჯდომარეს, შალვა პაპუაშვილს საკანონმდებლო წინადადებით მიმართავს. კერძოდ, ომბუდსმენის აპარატს სურს, ქვეყანაში კერძო სასაფლაოს უნებართვოდ ან დადგენილი რეგულაციების დარღვევით მოწყობა, კანონით დარეგულირდეს.

საკანონმდებლო წინადადებაში აღნიშნულია, რომ უწყებამ თბილისის, ხაშურისა და ქუთაისის მუნიციპალიტეტებში სასაფლაოების მოწყობის პროცესი შეისწავლა. დადგინდა, რომ მერიის სამსახურებს არ აქვთ შესაძლებლობა, კერძო სასაფლაოს უნებართვოდ მოწყობის ფაქტზე სამართლებრივი რეაგირება მოახდინონ. 

„აქედან გამომდინარე, კერძო სასაფლაოს უნებართვოდ ან/და დადგენილი რეგულაციების დარღვევით მოწყობის ფაქტთან დაკავშირებით სამართლებრივი რეაგირების განხორციელებისთვის აუცილებელია საკანონმდებლო საფუძვლის შექმნა და პარლამენტის მხრიდან შესაბამისი ცვლილებების შეტანა საკანონმდებლო აქტ(ებ)ში", - აღნიშნულია სახალხო დამცველის საკანონმდებლო წინადადებაში.

სახალხო დამცველმა საკითხის შესწავლა მას შემდეგ დაიწყო, რაც ხაშურის მაცხოვრებელმა მის სახლთან სასაფლაოს მდებარეობა გააპროტესტა. ამასთან, ომბუდსმენის აპარატმა სასამართლო პრაქტიკაც შეისწავლა.

„ერთ-ერთი საქმის ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, მოსარჩელე მხარეს ქ. თბილისის მთავრობის მხრიდან უარი ეთქვა კერძო სასაფლაოს მოწყობაზე, ვინაიდან მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარეობდა 13 მცირე საოჯახო ტიპის სახლი, რომლებშიც განთავსებული იყო მზრუნველობამოკლებული ბავშვების სააღმზრდელო დაწესებულებები, შესაბამისად, აღნიშნული დასახლების სიახლოვეს სასაფლაოს მოწყობა ნეგატიურ გავლენას იქონიებდა მზრუნველობამოკლებული ბავშვების ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე. ამასთან, ქ. თბილისის მთავრობა უთითებდა არაერთი პირის განცხადება-საჩივარზე, სადაც მითითებული იყო, რომ ტერიტორიის მიმდებარედ, კერძოდ 300 მეტრ ზონაში, სადაც უნდა მოეწყოს სასაფლაო, მდებარეობდა მათ საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებები. მოსარჩელე ქ. თბილისის მთავრობის უარს ხდიდა სადავოდ. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით, სარჩელი არ დაკმაყოფილდა. გადაწყვეტილებაში სასამართლო დაეყრდნო ბავშვთა უფლებათა კონვენციას, ევროკონვენციასა და საქართველოს კონსტიტუციას და მიუთითა, რომ „შესაბამისი წესებით იმპერატიულად არის განსაზღვრული, რომ ახალი სასაფლაო უნდა განლაგდეს ქალაქის გარეუბანში", - აღნიშნულია ომბუდსმენის აპარატის წინადადებაში.

სახალხო დამცველის აპარატის განცხადებით, კერძო სასაფლაოს უნებართვოდ ან/და დადგენილი რეგულაციების დარღვევით მოწყობის ფაქტზე სამართლებრივი რეაგირების მექანიზმების არარსებობა კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ადამიანის უფლებების დაცვას და უხეშად არღვევს კონსტიტუციისა და ევროკონვენციის მოთხოვნებს.

„კერძო სასაფლაოს უნებართვოდ ან/და დადგენილი რეგულაციების დარღვევით მოწყობის პირობებში ეფექტიანი ზედამხედველობის და რეაგირების მექანიზმების არარსებობა შეუძლებელს ხდის სახელმწიფოს ვალდებულების შესრულებას მოახდინოს ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დარღვევის პრევენცია და იწვევს ამ უფლებათა განგრძობად და შეუქცევად დარღვევას, რომელზედაც პასუხისმგებლობა სახელმწიფოს ეკისრება", - აცხადებს ომბუდსმენის აპარატი.

შესაბამისად, სახალხო დამცველი ითხოვს, კერძო სასაფლაოების უკანონოდ ან ნორმების დარღვევით მოწყობა ჯარიმით, დემონტაჟით ან სხვა ზომებით აღიკვეთოს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები