ენერგოეფექტურობის მიმართულებით, მთავრობა მორიგი რეგულაციის შემოღებას აპირებს. პარლამენტმა „შენობების ენერგოეფექტურობის“, ასევე „ენერგოეფექტურობის შესახებ“ საქართველოს კანონებში ცვლილებების განხილვა დაიწყო.
ეკონომიკის სამინისტროს მიერ ევროდირექტივის შესაბამისად მომზადებული კანონპროექტით, საჯარო სექტორს 2025 წლიდან გათბობისა და გაგრილების საჭიროების მქონე შენობების1%-ის ნაცვლად 3%-ის განახლების ვალდებულება ექნება. 2025 წლიდან ჩნდება ენერგოუსაფრთხოების შემფასებლის პროფესიაც. ჯერ საჯარო, შემდეგ კი კერძო სექტორს 4 წელიწადში ერთხელ შენობების ენერგოაუდიტის ჩატარების ვალდებულება ექნება.
ენერგოაუდიტორი ეს იქნება დამოუკიდებელი სერტიფიცირებული ან აკრედიტირებული პირი, რომელიც კერძო და საჯარო შენობების ენერგოაუდიტს ჩაატარებს. აღსანიშნია ის, რომ ენერგოაუდიტის ჩატარება აუცილებელი იქნება, თუმცა სავალდებულო არ იქნება ენერგოაუდიტორის დასკვნის საფუძველზე ენერგოეფექტურობის ღონისძიებების გატარება.
ეკონომიკის სამინისტროს მიერ მომზადებული კანონპროექტები, საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტმა პირველი მოსმენით მიიღო, თუმცა დეპუტატებს ჰქონდათ შენიშვნებიც. მათთვის ცვლილებების ძირითადი პრინციპები მისაღებია, თუმცა ამბობენ, რომ ახალი ნორმების ამოქმედებისთვის დამატებით დრო იქნება საჭირო.
„ძალიან მოწყვლადია ჩვენი კერძო სექტორი, ყველა კანონს ვერ დააყრი თავზე ერთბაშად. ჩვენ ჯერ დავიწყებთ სახელმწიფოდან და ვფიქრობთ, რომ ნელ-ნელა გადავალთ კერძო სტრუქტურებზე, რადგან მნიშვნელოვანია.
მე ვთქვი, რომ ცოტა გადავავადოთ კიდევ, იმიტომ, რომ თქვენ წარმოიდგინეთ 2028 წელსაც არ გვექნება კარგი მდგომარეობა. ხისტად ჩარევა ამ თემაზე არ შეიძლება, რადგან უნდა იყოს კარგად გათვლილი, თუ რა ხდება, რას ვაპირებთ, შემდეგ რომ არ შეასრულებს რა უნდა გააკეთოს კერძო სექტორმა“,- აცხადებს ბეჟან წაქაძე.
აღსანიშნია ის, რომ ენერგოეფექტურობის მინიმალური სტანდარტები უკვე ძალაშია. 2023 წლის 30 ივნისის შემდგომ სამშენებლო ნებართვები ენერგოეფექტირობის შესაბამისობის დეკლარაციის გარეშე აღარ გაიცემა. ეს მოთხოვნა კი შეეხო ყველა ახალ შენობას, განურჩევლად საკუთრების ფორმისა. წარმოდგენილი კანონპროექტით, ენერგოეფექტურობის მინიმალურ სტანდარტებს ახალი მოთხოვნები ემატება. კერძოდ, საუბარია განახლებადი წყაროებიდან მიღებულ ენერგიაზე მომუშავე ენერგომომარაგების დეცენტრალიზებული სისტემების, შენობის ენერგომენეჯმენტის სისტემებისა და „ჭკვიანი სისტემები“ და სხვა მოთხოვნების გათვალისწინების ვალდებულებაზე, რაც კანონპროექტის ავტორების შეფასებით, სავარაუდოდ სამშენებლო კომპანიების ხარჯებს გაზრდის.
კითხვაზე, რა გავლენა აქვს ენერგოეფექტურობის მინიმალური სტანდარტების შემოღებას ბიზნესზე, ბეჟან წაქაძე განმარტავს, რომ ეს ბუნებრივია მშენებლობას აძვირებს, თუმცა „ერთჯერადი გაძვირება სჯობს, ვიდრე მთელი ცხოვრება გაცილებით მეტი დაგიჯდეს“.
„მაგალითად, კედლის ბლოკები. მოქალაქე წლების განმავლობაში 1000-ჯერ ამოიღებს იმ დანახარჯს, რომელსაც შეძენის დროს გაიღებს“,- აცხადებს დეპუტატი.