მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კერძო სექტორის დასახმარებლად ჩინეთში ერთბაშად 25 ახალი გადაწყვეტილება მიიღეს

ჩინეთი - ბიზნესი

რთულ მდგომარეობაში მყოფი კერძო სექტორის გასაძლიერებლად, ჩინეთის ცენტრალურმა ბანკმა და რამდენიმე სახელმწიფო სააგენტომ ერთბაშად ოცდახუთი ახალი გადაწყვეტილება მიიღო, რომლებიც, მათ შორის, ბიზნესისთვის ფინანსური წყაროების უფრო დივერსიფიცირებულ პორტფელთან წვდომას ისახავს მიზნად.

ჩინეთისთვის, რომელიც თავისუფალი ბაზრის პრინციპებზე დაფუძნებული კომუნისტური ინდუსტრიული და, რაც მთავარია, ექსპორტიორი სახელმწიფოა, კერძო სექტორი განსაკუთრებით დიდ როლს თამაშობს და რეალურად, ქვეყანაში ეკონომიკურ კლიმატს სწორედ ის ქმნით. თუმცა, ბოლო დროს, ამ მიმართულებით ჩინეთში რთული მდგომარეობა შეინიშნება, რადგან ქვეყანა ჯერ კიდევ ვერ ამოვიდა კოვიდის მიმართ არსებული “ნულოვანი ტოლერანტობის პოლიტიკის” შედეგებიდან, რომლის გამო, ბევრი საწარმო დიდი ხნის განმავლობაში, უბრალოდ გაჩერებული იყო.

ამასთან, მეტად რთული პერიოდი დაუდგა ჩინეთის უძრავი ქონების ბაზარს, რომელიც მზარდი საშუალო ფენის ფონზე, ჩინეთისთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვან ინდუსტრიად ჩამოყალიბდა. მარტივად რომ ვთქვათ, ბოლო წლებში, ჩინურმა დეველოპერულმა კომპანიებმა იმაზე მეტი უძრავი ქონება აწარმოვეს, ვიდრე ეს ბაზარს სჭირდებოდა, ხოლო იპოთეკურ სესხებზე დაწესებული შეზღუდვების ფონზე, მომხმარებელთა მხარეს, უძრავ ქონებაზე მოთხოვნა შემცირდა, ანუ ბინები არ გაიყიდა, რის გამოც მსხვილი დეველოპერული კომპანიები გაკოტრების ზღვარზე აღმოჩნდნენ.

როგორც ირკვევა, გადაწყვეტილებები, რომლებიც ჩინეთის სახალხო ბანკმა, ფინანსური რეგულირების ეროვნულმა ადმინისტრაციამ და კიდევ რამდენიმე სახელმწიფო სააგენტომ მიიღეს, დიდწილად, სწორედ სესხებზე და სხვა ფინანსურ ინსტრუმენტებზე წვდომის გაზრდას ემსახურება, რაც, როგორც ჩინეთში იმედოვნებენ, კერძო სექტორს ამოსუნთქვის საშუალებას მისცემს.