მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

როდის შეძლებენ საქართველოს მოქალაქეები ჩინეთში უვიზოდ წასვლას? - ვიცე-პრემიერის პასუხი

ლევან დავითაშვილი მთავრობის სხდომაზე

საქართველოს ვიცე-პრემიერის, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის განცხადებით, ჩინეთთან უვიზო მიმოსვლა ქვეყნების მოქალაქეებისთვის მნიშვნელოვანია და მომდევნო პერიოდში ქვეყნების ეკონომიკურ ურთიერთობაზე დადებითად აისახება. ამის შესახებ ლევან დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ ისაუბრა.

მისი თქმით, სტრატეგიული პარტნიორის მხრიდან მიღებული გადაწყვეტილება მალე შევა ძალაში, თუმცა კონკრეტულად როდის დავითაშვილს არ განუმარტავს.

„შარშან, ჩვენ სექტემბერში გადაწყვეტილება მივიღეთ, როდესაც ჩინეთის მოქალაქეებისთვის მოკლევადიანი ვიზები გავაუქმეთ. ეს იყო ძალიან მნიშვნელოვანი ჟესტი და მეგობრული ნაბიჯი, რომელიც ჩვენ ურთიერთობებში ეკონომიკურ პროგრესთანაა დაკავშირებულია. ეს აისახება ტურიზმში, რომ უფრო მეტი ტურისტი ჩვენს ქვეყანაში ბარიერის გარეშე შემოვა.

შარშანვე იყო ამაზე საუბარი, რომ საქართველოს მოქალაქეებისთვისაც 2024 წლიდან ჩინეთში ყოფილიყო უვიზო მიმოსვლის შესაძლებლობა. ეს გადაწყვეტილება მალე შევა ძალაში, ახლა ტექნიკური სამუშაოები მიდის. ეს არ არის თვეების ამბავი, ეს დღეების საკითხია, როცა გადაწყვეტილება ძალაში შევა. შესაბამისად, ჩვენს მოქალაქეებს საშუალება მიეცემათ ყოველგვარი ბარიერის გარეშე ჩინეთში იმოგზაურონ და ბუნებრივია, ეს ჩვენს ქვეყნებს შორის კავშირებს ნამდვილად ხელს შეუწყობს,“- განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

მისი განმარტებით, პირველ რიგში ეს იქნება სავაჭრო-ეკონომიკური კუთხით მნიშვნელოვანი, რადგან ჩინეთი საქართველოს მნიშვნელოვანი სავაჭრო-ეკონომიკური პარტნიორია.

„ბევრი ჩვენი ქვეყნის მოქალაქე ეკონომიკური ურთიერთობებისთვის ჩინეთში მიემგზავრებოდა, რაც არ იყო მარტივი. ვფიქრობ, უვიზო მიმოსვლა ამ პროცესს ხელს შეუწყობს, გაამარტივებს და საქართველოდანაც ჩინეთში მეტი ვიზიტორი იქნება. ეს ასევე კავშირშია მათ შორის ავია მიმოსვლის კიდევ უფრო წახალისებასთან. ჩვენ სულ ვსაუბრობდით ჩინეთის სხვადასხვა კომპანიასთან იმაზე, რომ ჩინეთის სხვადასხვა ქალაქთან მეტი პირდაპირი ფრენა იყოს. მხოლოდ ამ გზით, ჩვენ შეგვიძლია ტურიზმის სექტორში რეალური, მნიშვნელოვანი რაოდენობის გენერირება და მნიშვნელოვანი წვლილი შეიძლება ზუსტად ამან გამოიწვიოს. ძალიან წაახალისებს და გაამარტივებს მოგზაურობას,“-აცხადებს დავითაშვილი.

ეკონომიკის მინისტრის შეფასებით, ჩინეთთან არსებული დინამიკა, რომელიც გასულ წელს დაიწყო, მიმდინარე წელს უფრო გააქტიურდება და შემდგომ წლებში უკვე პრაქტიკულ ეკონომიკურ შედეგებსაც მოიტანს. გარდა იმისა, რომ სხვა ხალხთაშორის უვიზო მიმოსვლა, ორივე ქვეყნის მოქალაქეებისთვისაც მნიშვნელოვანი იქნება.