ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ მარიამ ქვრივიშვილმა „TV იმედის“ ეთერში საქართველო-ჩინეთის ტურისტულ პოტენციალზე ისაუბრა.
მისი მოსაზრებით, სამინისტრო მუშაობს, რომ ჩინეთთან სიხშირეები გაიზარდოს.
"პირდაპირი ფრენები - ეს არის ის უმთავრესი ამოცანა რომელიც განაპირობებს ტურიზმის მდგრადობას და მეტი ტურისტის შემოყვანას, ისეთ ქვეყნებიდან რომელიც ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია, ანუ რომლებიც მსყიდველუნარიანობით გამოირჩევიან.
ბევრს ვმუშაობთ, რათა ვნახოთ გაზრდილი სიხშირეები ჩინეთთან, რადგან საქართველოს მთავრობამ უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო როდესაც სავიზო რეჟიმი გააუქმა ჩინეთთან და ამაზე დადებითი რეაგირება მოახდინა მათ შორის ორი ქვეყნის კერძო სექტორმა. იზრდება ჩინელი ტურისტების ინტერესი საქართველოსადმი.თუმცა ჩვენ გვაქვს გამოწვევა, რომ გავზარდოთ და მეტად წვდომადი გავხადოთ საქართველო ჩინელი ტურისტებისთვის. მეორეს მხრივ მნიშვნელოვანია ბრიტანეთთან პირდაპირი ფრენების არსებობა და ვაწარმოებთ მოლაპარაკებები და იმედს ვიქონიებთ რომ მალე გავახარებთ ჩვენს საზოგადოებას ბაზრების დივერსიფიკაციის კუთხით. ასევე მზარდია ისრაელი, როგორც ტურისტული ბაზარი. მიმდინარე ზაფხულის სანავიგაციო სეზონზე ველოდებით ისტორიული მაქსიმუმით შესრულებულ პირდაპირ ფრენებს ისრაელიდან. ჩვენი პოლიტიკა იმას ეფუძნება, რომ ტურიზმი გავხადოთ ყველასთვის ხელმისაწვდომი. ერთი ტურისტის დანახარჯი სამართლიანად გადანაწილდეს ჩვენი ქვეყნის ყველა რეგიონზე დაბასა თუ სოფელზე", - განაცხადა მან.
შეგახსენებთ: ჩინეთის მოქალაქეებისთვის უვიზო რეჟიმი საქართველოს მხრიდან 2023 წლის 11 სექტემბრიდან ამოქმედდა. ამასთან, საქართველო-ჩინეთს შორის სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ ხელშეკრულება 2023 წლის ივნისში გაფორმდა.
მარიამ ქვრივიშვილი საუბრობს გეგმაზე, რომელიც ტურიზმის ინდუსტრიაში რეკორდულ შედეგებს მოიტანს