მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კერძო სექტორის მხრიდან ფასების დაწევისთვის უკვე გაჟღერდა პირველი ხელშესახები ინიციატივა - ქვრივიშვილი

მარიამ ქვრივიშვილი

"ოცნების" მთავრობაში ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით მოქმედი სამთავრობო საკოორდინაციო კომისიის ფორმატში სადისტრიბუციო კომპანიების წარმომადგენლებთან გამართული შეხვედრა ნაყოფიერი და კონსტრუქციული იყო, სადაც უკვე გაჟღერდა პირველი ხელშესახები ინიციატივა სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასების შემცირების მიმართულებით.

ქვრივიშვილის თქმით, შეხვედრაზე განხილულ იქნა ის ძირითადი ფაქტორები, რომლებიც სახელმწიფოს მიერ ჩატარებული კვლევის საფუძველზე იდენტიფიცირებულია, როგორც სამომხმარებლო პროდუქციის ფასების ზრდაზე მოქმედი გარემოებები.

„საკმაოდ ნაყოფიერი და კონსტრუქციული იყო რიგით მეორე შეხვედრა კერძო სექტორის წარმომადგენლებთან. შეგვიძლია თამამად ვთქვათ, რომ ყველა ის დაახლოებით 8-9 ფაქტორი, რომელიც სახელმწიფომ კვლევის შედეგად დააიდენტიფიცირა, როგორც ფასების ზრდაზე მოქმედი ფაქტორები, ჩვენი შეხვედრის ბოლოს დადასტურდა და თითოეულ პუნქტზე კერძო სექტორის წარმომადგენლებს იდენტური პოზიცია ჰქონდათ,“ – განაცხადა მარიამ ქვრივიშვილმა.

მისივე თქმით, აღნიშნულ გარემო ფაქტორებზე სწორი და ეფექტური რეაგირების შემთხვევაში, არსებობს რეალური რესურსი სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასების შემცირებისთვის.

„მისასალმებელია, რომ დღევანდელ შეხვედრაზე უკვე მოვისმინეთ პირველი ხელშესახები ინიციატივა, მათ შორის, წამოსული კერძო სექტორიდან, თუ როგორ ხედავს კერძო სექტორი ფასების შემცირების გზას. ჩვენ მივესალმებით ასეთ ინიციატივებს,“ – აღნიშნა მან.

მარიამ ქვრივიშვილის განცხადებით, კომისიის ამოცანას წარმოადგენს სამომხმარებლო პროდუქციაზე ფასების შემცირება, ხოლო შეხვედრაზე გაჟღერებული ინიციატივები დეტალურად შეისწავლება იმის დასადგენად, რამდენად საკმარისია ისინი ფასების იმ დონემდე და იმ მასშტაბით შესამცირებლად, რაც თითოეული მოქალაქის ინტერესშია.

ცნობისთვის, სასურსათო პროდუქციის ფასებთან დაკავშირებით სამთავრობო საკოორდინაციო კომისიამ, რომელსაც "ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ხელმძღვანელობს, პირველი სხდომა 20 იანვარს გამართა. 21 იანვარს კი, "ფასების კომისიის" წარმომადგენლები პროდუქტის ფასებთან დაკავშირებით სუპერმარკეტების წარმომადგენლებს შეხვდნენ. დღეს კი - დისტრიბუტორებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები