მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კერძო სექტორს კონკურენტი უჩნდება, ბიზნესი რისკის წინაშე დადგება - CIT Georgia გზების მოვლის სახელმწიფო კომპანიაზე

ტიტე ჯიშიაშვილი

კერძო სექტორის ნაწილი მიიჩნევს, რომ გზების მოვლა-შენახვის მიზნით ახალი სახელმწიფო კომპანიის დაფუძნებით ბიზნესს კონკურენტი უჩნდება.

როგორც სამშენებლო ლაბორატორია Caucasian Infrastructure Technology-ის დირექტორმა BMG-ის განუცხადა, დღეს გზების მოვლას ქვეყნის სხვადასხვა რეგიონში სხვადასხვა კომპანიები ახორციელებენ, ამ მიმართულებით სახელმწიფო შპს-ს გაჩენა კი იმას ნიშნავს, რომ ბიზნესი გარკვეული რისკების წინაშე დგება.

ტიტე ჯიშიაშვილის თქმითვე, სახელმწიფოს მიერ გზების მოვლა-შენახვის პროცესში ჩართვა იმის მოლოდინს აჩენს, რომ შესაძლოა, მთავრობამ სამომავლოდ ინფრასტრუქტურის დარგში სხვა მიმართულებითაც მოისურვოს მონაწილეობის მიღება.

„გზების მოვლა-შენახვის ნაწილში, რა თქმა უნდა, ძალიან კომპლექსური არის სამუშაოები, იმიტომ რომ ნებისმიერ დროს, განსაკუთრებით ზამთრის პირობებში, ვერავინ ვერ განსაზღვრავს წინასწარ, თუ რა ტიპის ზიანი და გამოწვევა შეიძლება დაუდგეს ქვეყანას. თუ სახელმწიფოს ექნება იმხელა რესურსი, რომ გარკვეულ შემთხვევებში, განსაკუთრებით ისეთ მაგისტრალურ გზაზე, როგორიც რიკოთია, არ მოხდეს გაჭიანურებულად ზამთრის სამუშაოები, რა თქმა უნდა, ეს კარგი სიგნალი შეიძლება იყოს.

თუმცა, ჩემი აზრით, ასევე, რამდენადაც კარგი შეიძლება იყოს, იმდენად მას შესაძლოა, ჰქონდეს უკუეფექტები. განსაკუთრებით კერძო სექტორის მიმართულებით და ალბათ ამ კუთხით ძალიან მნიშვნელოვანი არის წინასწარ განისაზღვროს ის ხაზები, როგორ იქნება სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის [როლები განაწილებული]. ვინაიდან, თუ დღეს სახელმწიფო გადაწყვეტს, რომ მოვლა-შენახვას გაუწიოს [გზებს], ხვალ შეიძლება გადაწყვიტოს თვითონვე ააშენოს თუნდაც ახალი გზა, თვითონვე გაუწიოს მონიტორინგი, თვითონვე ჩაიბაროს და ეს, პირველ რიგში, ჩემი აზრით, აჩენს იმის რისკს, რომ ინტერესთა კონფლიქტი იყოს.

კერძო სექტორს, რა თქმა უნდა, ალბათ უჩნდება კონკურენტი, იმიტომ რომ დღეის მდგომარეობით ზონებად არის საქართველო დაყოფილი და თითოეულ ზონაში ცხადდება მოვლა-შენახვის ტენდერები. სხვადასხვა კომპანიები წლებია უკვე აგროვებენ როგორც სამუშაო გამოცდილებას, სამუშაო პერსონალს, ასევე ტექნიკას. რა თქმა უნდა, ყველა კომპანია ცდილობს, რომ განვითარდეს და სიახლეები შემოიტანონ. რა თქმა უნდა, [სახელმწიფო კომპანიის შექმნა] გარკვეულწილად დიდ რისკებს აჩენს იმ კომპანიებისთვის, ვინც მონდომებულია, რომ განავითაროს თავისი ტექნიკა, ახალი შეიძინოს. პირობითად, შარშან ვიღაცამ შეიძლება ძალიან დიდი თანხა ჩადო იმაში, რომ შემოეტანა ახალი ტექნიკა და უკვე დღეს დაინახა, რომ შესაძლოა, მისი საქმიანობა საერთოდ ზრს მოკლებული გახდეს და ამხელა პასუხისმგებლობა და ვალდებულებები ბანკისა თუ ადამიანების წინაშე დარჩეს“, - განაცხადა ტიტე ჯიშიაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობა საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების მოვლა-შენახვის მიზნით ახალი სახელმწიფო კომპანიის დაფუძნებას გეგმავს. აქამდე აღნიშნულ ფუნქციას ტენდერების მეშვეობით გამოვლენილი კერძო კონტრაქტორები ასრულებდნენ, თუმცა ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ მომზადებული კანონპროექტის თანახმად, აღნიშნულ ფუნქციას სპეციალურად ამ მიზნისთვის დაფუძნებული სახელმწიფო კომპანია გადაიბარებს. პირველ ეტაპზე კომპანია გორი-არგვეთას 105-კილომეტრიან საერთაშორისო მნიშვნელობის მაგისტრალის მოვლა-შენახვის და მართვის სამუშაოებს განახორციელებს.

ირაკლი კობახიძის განცხადებით, გზების მოვლა-შეკეთებას სახელმწიფო კომპანია კერძოზე უკეთ შეძლებს

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები