მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კერძო სკოლების ნაწილში სწავლა 10-15%-ით გაძვირდა“ - ასოციაცია

6304cb696bcc5
ალა ისპირიანი
23.08.22 19:00
1829
სექტემბერში სწავლა იწყება და მოსწავლეები ორი რთული პანდემიური წლის შემდეგ განათლებას ფიზიკურ გარემოში დაიწყებენ. აღნიშნულ ცვლილებასთან ერთად ზოგიერთ კერძო სკოლაში შეცვლილი იქნება სწავლის გადასახადიც. როგორც Bm.ge-სთან საქართველოს სკოლის ადმინისტრატორთა ასოციაციის ხელმძღვანელმა და გიმნაზია "შავნაბადას" დირექტორმა ავთანდილ აბდუშელიშვილმა განაცხადა, სწავლის გადასახადი 10-15%-ით არის გაძვირებული.

„შარშან 15 სექტემბერს სწავლა ფიზიკურ გარემოში ვერ დავიწყეთ და ერთ-ერთი ცვლილება ეს იქნება. 2 წლის განმავლობაში ამ სიხარულს სასწავლო დაწესებულებებში მოკლებული ვიყავით და წელს სკოლები მოახერხებენ 15 სექტემბერს მოსწავლეები ფიზიკურ გარემოში მივიღოთ. რაც შეხება გადასახადებს, ზოგი სკოლა ზრდის ზოგი არა, მაგრამ ტენდენცია არის, რომ გადასახადი იზრდება და მისი მატება 10-15%-ია“, - ამბობს ავთანდილ აბდუშელიშვილი.

ის სწავლის გადასახადის მატებას, ქვეყანაში არსებული მაღალი ინფლაციით ხსნის.

„ზოგადად ტენდენციაა, რომ ყველაფერი იზრდება და ჩვენც, კერძო სკოლებს ნებისმიერი სახის მომსახურება უფრო ძვირი გვიჯდება. გასათვალისწინებელი გვაქვს სახელფასო ანაზღაურებები, რადგან კადრის შენარჩუნებისთვის ამ გადასახადებს ვზრდით“, - განმარტავს აბდუშელიშვილი.

რაც შეეხება უშუალოდ გიმნაზია "შავნაბადას", ის ამბობს, რომ მათთან სწავლის საფასურმა 10%-ით მოიმატა.

„ჩვენი სკოლის შემთხვევაში გადასახადები სერვისების მიხედვით განსხვავებულია და ასევე მნიშვნელობა აქვს როდისაა მოსწავლე სკოლაში შემოსული. ასეთი პოლიტიკაა, რომ ვინც უფრო დიდხანს არის ჩვენთან შედარებით შეღავათიანი გადასახადი იქნება მათთვის ვიდრე ის, ვინც პირველად შემოდის. აღნიშნული სერვისები ჩვენთანაც 10%-ით არის მომატებული", - აცხადებს იგი და დასძენს, რომ სწავლის წლიური გადასახადი მათთან ამ ეტაპისთვის 4 500 ლარიდან 6 000 ლარამდეა და აღნიშნულ თანხაში სასწავლო პროცესთან ერთად, კვება, სპორტული და სახელოვნებო კლუბები შედის.