კერძო სკოლების შემოსავლები წლიდან წლამდე მზარდია და 2023 წელს 242 მლნ ლარს მიაღწია, რაც წლიურად 21%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ამის შესახებ თიბისი კაპიტალის მიერ მომზადებულ ზოგადი და უმაღლესი განათლების სექტორის მიმოხილვაში წერია.
როგორც მიმოხილვაშია აღნიშნული, სწავლის გაზრდილი გადასახადი და მოსწავლეთა რაოდენობის ზრდა შემოსავლების ზრდის განმაპირობებელ ფაქტორებს შორისაა.
“2023 წელს EBIDTA მარჟა 19%-ს გაუტოლდა, როცა იგივე მაჩვენებელი პანდემიურ წელს 25%-ის ტოლი იყო. თუმცა, პანდემიურ წელს მიღწეული მაჩვენებელი მეტწილად საოპერაციო ხარჯების შემცირებით იყო გამოწვეული. წმინდა მოგების მარჟა 2023 წელს 12%-ია, რაც ასევე წინა წელთან შედარებით შემცირებულია", - წერს თიბისი კაპიტალი.
მიმოხილვაში ასევე წერია, რომ კერძო სკოლების რაოდენობა წლების განმავლობაში მცირდება, როგორც თბილისში, ასევე სხვა დიდ ქალაქებში. კერძოდ, 2018/2019 სასწავლო წელს, ქვეყანაში 228 კერძო სკოლა ფუნქციონირებდა, 2024/2025 სასწავლო წელს კი მათი რაოდენობა 208-მდე შემცირდა. თიბისი კაპიტალის მიხედვით, კერძო სკოლების რიცხვის კლება შერწყმა-გაერთიანების ტრანზაქციებსა და ავტორიზაციასთან დაკავშირებულ პრობლემებს უკავშირდება.
მეორე მხრივ კი, კერძო სკოლების მოსწავლეთა რაოდენობა იზრდება, თუმცა, ძირითადად, თბილისის და ბათუმის ხარჯზე.
„ბოლო 6 წლის განმავლობაში საშუალო წლიური ზრდა თბილისში 4%-ს, ხოლო ბათუმში 3.6%-ს შეადგენს, სხვა დიდ ქალაქებში კი მოსწავლეთა კლება შეინიშნება. საქართველოს მასშტაბით, კერძო სკოლების მოსწავლეთა რაოდენობა ბოლო 6 წლის განმავლობაში 2.6%-ით იზრდებოდა“, - წერს თიბისი კაპიტალი.




























