საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე მიიჩნევს, რომ გასული თვის განმავლობაში სავალუტო რეზერვების ხარჯვა, რასაც საქართველოს ოფიციალური სარეზერვო აქტივების 627 მილიონი დოლარით შემცირება მოჰყვა საჭირო იყო, რადგანაც არსებობს პერიოდი, როცა რეზერვები უნდა დაიხარჯოს, რასაც მოსდევს რეზერვების შევსების პერიოდი.
"ასე ხდება ხოლმე - ხან საჭიროა რეზერვების დახარჯვა, შემდეგ ხდება ხოლმე რეზერვების შევსება. ახლა ძალიან მალე იმ ეტაპზე გადავალთ, როცა რეზერვების შევსება მოხდება", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ბოლო ერთი წლის განმავლობაში საქართველოს სავალუტო რეზერვების ზომა 1.03 მილიარდი დოლარით შემცირდა, 4.08 მილიარდამდე შემცირდა. ყველაზე დიდი - 627 მილიონი დოლარის კლება 2024 წლის ოქტომბერში იყო, რაც ყველაზე მსხვილი ერთთვიანი შემცირებაა, რაც კი საქართველოს სავალუტო რეზერვებს ოდესმე ჰქონია.
რეზერვების კლება წინასაარჩევნო პერიოდში განხორციელებულ სავალუტო ინტერვენციებს უკავშირდება, რადგანაც გასულ თვეში სებ-მა სავალუტო აუქციონებით 213 მილიონი დოლარი გაყიდა, მათ შორის წინასაარჩევნო კვირაში ეროვნულმა ბანკმა $100 მილიონი გაყიდა, რაც სებ-მა წინასაარჩევნო აჟიოტაჟსა და ერთჯერადი მსხვილი ტრანზაქციების დაბალანსებას და ბაზრისთვის ლიკვიდობის მიწოდებას დაუკავშირა.
ინტერვენციების სრული მასშტაბი, რაც კურსის შენარჩუნებაზე დაიხარჯა, უცნობია, რადგანაც Bmatch პლატფორმით რეალიზებული სავალუტო რეზერვების მოცულობა მხოლოდ 25 ნოემბერს გახდება ცნობილი. თუმცა, ეროვნული ბანკის ყოფილი პრეზიდენტის, რომან გოცირიძის შეფასებით, მხოლოდ სექტემბერ- ოქტომბერში სებ-მა ინტერვენციებისა და Bmatch პლატფორმით 733 მილიონი დოლარი გაყიდა.
საქართველოს სავალუტო რეზერვების მოცულობასთან დაკავშირებით ჯერ კიდევ 2024 წლის აპრილში საერთაშორისო სავალუტო ფონდმა განაცხადა, რომ რეზერვების დონე ადეკვატურობის ნიშნულს ჩამოსცდა და მისი შევსება იყო საჭირო. რამდენიმე დღის წინ კი, სარეიტინგო სააგენტო Fitch-მა აღნიშნა, რომ საქართველოს სავალუტო რეზერვების ზომა უფრო მცირეა ვიდრე BB რეიტინგის მქონე სხვა ქვეყნებში.