საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა და ახლა უკვე მმართველი პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი ღარიბაშვილმა პრემიერობის კანდიდატ ირაკლი კობახიძე ძმური თანადგომა აღუთქვა. ამის შესახებ მან პარტიის ყრილობაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
„დღეს ჩვენს წინაშე ახალი ამოცანებია. შემოდგომაზე არჩევნებში ჩვენ დამაჯერებელი გამარჯვება უნდა მოვიპოვოთ, რათა გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის სწორი განვითარება. მსურს ამ გზაზე წარმატება ვუსურვო და ძმური თანადგომა აღვუთქვა პრემიერ-მინისტრობის კანდიდატს ირაკლი კობახიძეს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მან დასძინა, რომ „ქართული ოცნების“ წევრობით ამაყობს.
„ვამაყობ, რომ ვარ „ქართული ოცნების“ გუნდის წევრი და მზად ვარ როგორც რიგითმა ჯარისკაცმაც ჩემი ძალისხმევა მოვახმარო გუნდის და ქართველი ხალხის გამარჯვებას რომელიც 26 ოქტომბერს გველოდება“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.