სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით, ხარაგაულში, სოფელ ლაშესთან, თბილისი-ბათუმის სარკინიგზო მაგისტრალის თავზე მთის უზარმაზარი მასივია მოწყვეტილი და ქვემოთ იწევს. ამასთან, სოფლებში ხემაღალსა და ღვერკშიც უკიდურესად მძიმე ვითარებაა. სახლები და სხვა შენობები მასობრივად ინგრევა, ნაპრალების ზომა კი ყოველდღიურად იზრდება. გავრცელებული ინფორმაციით, ამ ვითარებაში სოფლებში რამდენიმე ოჯახი ჯერ კიდევ ცხოვრობს.
BM.GE -მ თემის დეტალების გასარკვევად ხარაგაულის მერიას მიმართა, რაზედაც უპასუხეს, რომ ხარაგაულის მუნიციპალიტეტში სტიქიის ზონაში მოყოლილი 91 ოჯახის დასახმარებლად მერიამ კომპლექსური საინჟინრო-გეოლოგიური კვლევა ჩაატარა და უკვე გრძელვადიანი საცხოვრებელი გადაწყვეტილებების მიღებაზე მუშაობს.
უწყების ცნობით, ხარაგაულის მუნიციპალიტეტის მერიამ სტიქიის ზონაში მდგომარეობის დასადგენად სახელმწიფო შესყიდვის საფუძველზე უზრუნველყო კომპლექსური საინჟინრო-გეოლოგიური კვლევის ჩატარება, რომელიც კომპანია "გეოლოჯიქმა" განახორციელა. კვლევის დასკვნა ამჟამად ექსპერტიზის ეტაპზეა და უახლოეს დღეებში გახდება საჯარო.
"დაზარალებული არის უშუალოდ სტიქიის ზონაში მოყოლილი 91 ოჯახი (სოფ. ხემაღალი-50; სოფ. ღვერკი-41). მუდმივად ადგილზე მცხოვრებია 40 ოჯახი. ასევე მონიტორინგის ქვეშ იმყოფება სტიქიის ზონის ახლომდებარე 36 ოჯახი (ხემაღალი-20, ღვერკი-16). თუმცა სტიქიის ზონაში ამჟამად არ იმყოფება არცერთი ოჯახი.
პირველადი საჭიროებების დასაკმაყოფილებლად 46 დაზარალებულ ოჯახზე ხარაგაულის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან 3 თვის მანძილზე (ივლისი, აგვისტო, სექტემბერი) ჯამში 81 200 ლარია გაცემული. გარდა ამისა, ასევე სსიპ დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროების უზრუნველყოფის სააგენტო ქირას უხდის იმ ოჯახებს რომელთაც, სააგენტოს მიმართეს, საკუთრებაში აქვთ რეგისტრირებული საცხოვრებელი სახლები და ალტერნატიული ფართი არ გააჩნიათ. ხოლო იმ ოჯახებს, რომელთაც არა აქვთ საკუთრებაში რეგისტრირებული საცხოვრებელი და არ გააჩნია ალტერნატიული თავშესაფარი, ბინის ქირით, მუნიციპალური პროგრამის ფარგლებში, ხარაგაულის მერია უზრუნველყოფს”, - აცხადებენ მერიაში.
მათივე განცხადებით, მერია ცენტრალურ მთავრობასთან ერთად მუშაობს გრძელვადიან გადაწყვეტებზე – თითოეულ ოჯახს მიეცემა არჩევანის უფლება: მიიღოს საცხოვრებელი ახალ დასახლებაში ან შესაბამისი კომპენსაცია.
ხემაღალსა და ღვერკში, უსაფრთხო ზონაში მცხოვრები ოჯახებისთვის, გეოლოგიური დასკვნის საფუძველზე, დაგეგმილია ინფრასტრუქტურული სამუშაოების დაწყება – ელექტროენერგიის ქსელის მოწყობა, გზების მობეტონება, გაზიფიცირება და უფასო მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნა. უკვე აშენებულია ახალი გზა სოფელ ხორითის მხრიდან.
მერია ასევე განიხილავს ახალი ტერიტორიის ათვისებას, სადაც ხემაღლისა და ღვერკის მოსახლეობა შეძლებს თანაცხოვრების გაგრძელებას. საბოლოო გადაწყვეტილებები გეოლოგიური დასკვნისა და მოსახლეობასთან კონსულტაციის საფუძველზე მიიღება.




























