საკონსულტაციო კომპანია Talent Flow-ს დამფუძნებელი, ბიზნესკონსულტანტი ლიკა ნოზაძე მიიჩნევს, რომ „ხელფასის ზრდა ყველაზე ხანმოკლე მოტივატორია“.
რას ნიშნავს მენტალური ჯანმრთელობა და რა არის მენტალურად დაღლილი კომპანიის მთავარი სიმპტომები? როგორ უნდა გაზარდონ დამსაქმებლებმა თანამშრომელთა პროდუქტიულობა და ბედნიერების ხარისხი ორგანიზაციებში და როგორ უნდა იპოვონ თავად გუნდის წევრებმა თვითმოტივაცია მეტი ეფექტიანობისთვის? - ამ თემებზე Talent Flow-ს დამფუძნებელმა BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ისაუბრა.
ლიკა ნოზაძის თქმით, დღეს ადამიანებისთვის ყველაზე გრძელვადიანი მოტივატორებია დაფასება და განვითარების შესაძლებლობების მიცემა.
„მოტივატორები განიცდიან ტრანსფორმაციას. მაგალითად, 7-10 წლის წინ მოტივატორებს შორის პირველ ადგილზე იყო სტაბილური სამსახური; ახლა კი, მან ბოლოსკენ გადაინაცვლა. ანაზღაურება არის ყველაზე მოკლეხნიანი მოტივატორი. როგორც კი, მე დამიკმაყოფილდება ანაზღაურების მოტივაციის ნაწილი, მერთვება სხვა მოტივატორების დაკმაყოფილების მოთხოვნა. ყველაზე გრძელვადიანი მოტივატორებია ადამიანების დაფასება, აღიარება, მათთვის განვითარების შესაძლებლობების მიცემა, სიახლეები და ცვლილებები.
რას ვურჩევდი დამსაქმებლებს? - ძალიან ბევრ ხელმძღვანელს უჭირს მარტივად მადლობის თქმაც კი; ჩვენს კომპანიას უწევს საერთაშორისო ორგანიზაციებთან მუშაობა, კონსალტინგის ფარგლებში და სულ ვამბობ, რომ სხვა ერებთან შედარებით, ქართველების მოტივირება ყველაზე მარტივად შეიძლება „მადლობით“, მაგრამ ეს მადლობა უნდა იყოს გულწრფელი და არა ავტომატური და მას თავისი ფასი უნდა ჰქონდეს. რა თქმა უნდა, აღიარება არაა მარტო მადლობის გადახდა; აღიარებაა, როდესაც თანამშრომელი ორგანიზაციაში თავს დაფასებულად გრძნობს; ორგანიზაციებმა უნდა დაიწყონ სამუშაო შეხვედრების მოწყობა, სადაც თანამშრომელთა ჩართულობაც იქნება; ის უნდა გრძნობდეს, რომ მისი აზრი მნიშვნელოვანია და მის პოზიციას ითვალისწინებენ; ეს ყველაფერი, საბოლოო ჯამში, მიდის აღიარებამდე. შედეგად, მე თუ ორგანიზაციაში ვარ აღიარებული, იქიდან წასვლაზე გადაწყვეტილებას მარტივად ვერ მივიღებ.
რას ვურჩევდი თანამშრომლებს? - „სითამამე უნდა ჰქონდეთ; გამოიჩინონ ინიციატივები; თქვან, რა არ მოსწონთ, დააფიქსირონ განსხვავებული აზრი, მაგრამ აღსანიშნავია ისიც, რომ თუ ორგანიზაციაში არ არსებობს შესაბამისი კულტურა, ადამიანს არ გაუჩნდება ამის სურვილი. ამდენად HR-ები უნდა შეეცადონ შექმნან ისეთი ორგანიზაციული კულტურა, სადაც თანამშრომლებს ექნებათ სურვილი, დააფიქსირონ საკუთარი აზრი და პოზიცია და მეორე - ეძებონ არა სამსახური, არამედ - ღირებულებები“, - ამბობს ბიზნესკონსულტანტი ლიკა ნოზაძე.
„წერტილთან“ ინტერვიუში საკონსულტაციო კომპანია Talent Flow-ს დამფუძნებელმა ვრცლად ისაუბრა მენტალური ჯანმრთელობის მნიშვნელობაზე, რომელიც ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის განმარტებით, არის "კეთილდღეობის მდგომარეობა", რომელშიც ადამიანი აანალიზებს საკუთარ შესაძლებლობებს, შეუძლია გაუმკლავდეს ნორმალურ ცხოვრებისეულ სტრესულ მდგომარეობებს, აქვს პროდუქტიულად მუშაობის უნარი, ნაყოფიერია და შეაქვს წვლილი საზოგადოების და გარემოცვის განვითარებაში.
„მენტალური ჯანმრთელობა მოიცავს ინდივიდის ემოციურ, ფსიქოლოგიურ და სოციალურ კეთილდღეობას“, - ამბობს ლიკა ნოზაძე, რომელმაც BMG-ის ამ საკითხზე რამდენიმე ხშირად დასმული კითხვა და პასუხიც გაუზიარა.
რატომ არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვა ახლა?
- სამუშაო ადგილი და გარემო მნიშვნელოვნად გარდაისახა - შეიქმნა დისტანციური და ჰიბრიდული სამუშაოები;
- ადამიანების ქცევა შეიცვალა, იმიტომ რომ ბევრი რამ გადავაფასეთ პანდემიის დროს და ახლა, ზრუნვა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე როდისმე;
- კორპორაციული კულტურის შეგრძნება და ერთიანობა დაზიანდა პანდემიის გავლენით ;
- კომუნიკაცია აღარასოდეს იქნება ისეთი, როგორიც პანდემიამდე იყო;
- ციფრულმა სამყარომ სოციალური დისტანცია გამოიწვია;
- WORK/LIFE ბალანსი პრიორიტეტი გახდა;
- ბედნიერი თანამშრომელი ბიზნესის წარმატების გასაღებია;
- GEN Z სამუშაო ბაზარზე შემოდის და მათთვის საკუთარი კეთილდღეობა პრიორიტეტული;
- Მოტივატორები ტრანსფორმირდა - ადრე თუ მნიშვნელოვანი იყო სტაბილურობა და უბრალოდ სამსახურის ქონა, ახლა პრიორიტეტული გახდა კონკურენტული ანაზღაურების მქონე საინტერესო სამუშაო, სადაც ადამიანი მნიშვნელოვანია;
- “ადამიანი მნიშვნელოვანია” - ნიშნავს, მასზე ზრუნვას, მისი შრომის სათანადოდ დაფასებას, მისთვის განვითარების შესაძლებლობების მიცემასა და ჯანსაღი ურთიერთობების გარემოს შექმნას ორგანიზაციაში;
როგორ ამოვიცნოთ მენტალურად დაღლილი ორგანიზაციები? მენტალურად დაღლილ კომპანიებში:
- ადამიანები მაღალი სტრესის გამო დაღლილები და დემოტივირებულები არიან;
- საქმის გაკეთება გაჭიანურებულია - დავალებები სწრაფად და ეფექტიანად არ სრულდება;
- ადამიანებს თვითშეფასებასთან პრობლემები აქვთ - არის დაბალი თვითშეფასების ან არაჯანსაღი ამბიციის მაგალითები;
- მაღალია შფოთვისა და ბრაზის განცდა;
- დაბალია პროდუქტიულობა და შესაბამისად, ბიზნესგეგმების შესრულებაში პრობლემები უკვე არსებობს ან შეიძლება მალე გაჩნდეს;
- ხშირია ღია თუ ფარული კონფლიქტები;
- დაბალია თანამშრომლებში ნდობის მაჩვენებელი როგორც ერთმანეთის, ისე მენეჯმენტის მიმართ;
- დაბალია თანამშრომლების ჩართულობა და კმაყოფილება;
- ადამიანები სათქმელს ხმამაღლა ვერ/არ ამბობენ შიშის თუ აპათიის გამო;
- Სამუშაო გარემო ტოქსიკურია - თანამშრომლებს არ უხარიათ აქ მუშაობა და/ან არ მოსწონთ ერთმანეთთან ურთიერთობა;
- მენეჯმენტის მხრიდან კომუნიკაცია "ბოსურია" - არ ხდება მიზნების, სტრატეგიის გაზიარება თანამშრომლებთან, მხოლოდ დავალებების მიცემა და მათი შესრულების მკაცრი მოთხოვნაა მკვეთრად გამოხატული;
- მაღალია თანამშრომლების გადინება;
- კომპანიის, როგორც დამსაქმებლის იმიჯი ბაზარზე არასაიმედოა;
რა უნდა გააკეთოთ ბიზნესებმა ორგანიზაციებში მენტალური დაღლის აღმოსაფხვრელად?
- იზრუნეთ თქვენს ადამიანებზე
- შეიმუშავეთ ადეკვატური, კონკურენტუნარიანი ანაზღაურების სისტემა, კომპენსაციისა და ბენეფიტების პაკეტი;
- შექმენით ორგანიზაციებში ნათელი, მყუდრო, კომფორტული გარემო, არა მხოლოდ თქვენი შეხედულებით არამედ, თანამშრომლების მაქსიმალური ჩართულობით და მათი აზრის გათვალისწინებით;
- მიეცით შესაძლებლობა გუნდის წევრებს იმუშაონ მოქნილი გრაფიკით, თუკი სამუშაოს კონტექსტი ამის შესაძლებლობას ქმნის;
- შექმენით უფრო მეტი ჰიბრიდული სამუშაოები
- შეიმუშავეთ WORK/LIFE ბალანსის წამახალისებელი სისტემები
- გააძლიერეთ გუნდურობა
- გახსოვდეთ, აქ მთავარი გასაღები ღია, ნათელი ორმხრივი კომუნიკაციაა;
- წაახალისეთ იდეებისა და მოსაზრებების გაზიარება გუნდში;
- მიეცით თანამშრომლებს სულ უფრო მეტი გუნდური დავალებები;
- სულ უფრო მეტად წაახალისეთ გუნდური მიღწევები;
- გაზარდეთ თანამშრომლების ჩართულობა
- ჩართეთ თანამშრომლები სტრატეგიის დაგეგმვასა და განხორციელებაში - ეს მათ კომპანიასთან მიკუთვნებულობის განცდას გაუზრდის და მათ პროდუქტიულობაზე დადებითად აისახება
- გამოკვეთეთ და გააძლიერეთ კორპორაციული ფასეულობები;
- ჩამოაყალიბეთ და გააძლიერეთ კონსტრუქციული უკუკავშირის კულტურა;
- შექმენით გარემო, სადაც თანამშრომლებს საკუთარი აზრის გამოთქმის შესაძლებლობა ექნებათ.
- შექმენით და გააძლიერეთ ემოციური მხარდაჭერის კულტურა
- დააორგანიზეთ არაფორმალური შეხვედრები თქვენს გუნდის წევრებთან და მიეცით მათ არაფორმალური კომუნიკაციის შესაძლებლობა;
- მოაწყვეთ სხვადასხვა აქტივობები და ღონისძიებები, მაგ: საინტერესო თემებზე საუბრებისთვის სპიკერების მოწვევა, სპორტული აქტივობები, იოგა ოფისში და ნებისმიერი სხვა აქტივობა, რაც თანამშრომლებს მოეწონებათ და პოზიტიურად დამუხტავს;
- Გახსოვდეთ, დღეს ორგანიზაციაში ფსიქოლოგის/ფსიქოთერაპევტის ყოლა უკვე აუცილებელია, ვინც დაეხმარება თქვენს გუნდის წევრებს საკუთარ მენტალურ ჯანმრთელობაზე ზრუნვაში;
„იმისთვის, რომ თქვენი ბიზნესი წარმატებული გახდეს, თქვენი თანამშრომლები ორგანიზაციაში თავს ბედნიერად უნდა გრძნობდნენ. ლოიალური და ბედნიერი თანამშრომლები ქმნიან ჯანსაღ კორპორაციულ კულტურას და მაღალი პროდუქტიულობის დამსახურებით, კომპანიისთვის საუკეთესო შედეგები მოაქვთ“, - ამბობს ლიკა ნოზაძე.