მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ხელისუფლება იყენებს ძალადობას თავისუფალი მედიის გასანადგურებლად - ონლაინ მედიები ადგილობრივ და საერთაშორისო საზოგადოებას მიმართავენ

სოლიდარობა
09.12.24 16:46
534

ონლაინ მედიები ერთობლივ განცხადებას აქვეყნებენ, რომელშიც სახელმწიფო თუ არასახელმწიფო ინსტიტუტს, ადგილობრივ და საერთაშორისო საზოგადოებას მედიის თავისუფლების დაცვისკენ მოუწოდებენ.

"ხელისუფლება იყენებს ძალადობას თავისუფალი მედიის გასანადგურებლად", - ნათქვამია განცხადებაში, რომელსაც ამ დროისთვის 17 ონლაინ მედია უერთდება და მათი რიცხვი მზარდია.

ჩვენ, საქართველოში მოქმედი ონლაინ მედია ორგანიზაციები, ერთხმად და სასტიკად ვგმობთ ჟურნალისტების წინააღმდეგ განხორციელებულ წამებას, ძალადობას, შევიწროებასა და დაშინებას.

ბოლო დღეების განმავლობაში მიზანმიმართული თავდასხმები განხორციელდა ტელევიზიებისა და ონლაინ მედიების წარმომადგენლებზე.

ჟურნალისტური მოვალეობის შესრულებისას სასტიკად გაუსწორდნენ და დააკავეს ჩვენი რამდენიმე კოლეგა, ზოგიერთის წინააღმდეგ კი გამოიყენეს ძალადობის უკიდურესი ფორმა, რომელიც კვალიფიცირდება წამებად.

თავდასხმები უმთავრესად ორგანიზებული იყო ფორმალური საპოლიციო ძალების მიერ, მაგრამ ვნახეთ შემთხვევები, როცა არაფორმალური მარბიელი ჯგუფების მიერ ჟურნალისტზე ძალადობას პოლიცია თავხედური უმოქმედობით ადევნებდა თვალს.

ხელისუფლება იყენებს ძალადობას თავისუფალი მედიის გასანადგურებლად.

სოლიდარობას ვუცხადებთ ჩვენს ყველა კოლეგას, ვისზეც იძალადეს და მათ, ვინც, შექმნილი პირობების მიუხედავად დიდწილად დაუცველი აგრძელებს მუშაობას, პირადი ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების რისკის ფასად.

მოვუწოდებთ ყველა სახელმწიფო თუ არასახელმწიფო ინსტიტუტს, ადგილობრივ და საერთაშორისო საზოგადოებას, წვლილი შეიტანონ მედიის თავისუფლების დაცვაში და დაგვეხმარონ მოძალადეთა პასუხისგებაში მიცემაში", - ნათქვამია განცხადებაში.

ხელმომწერი მედიები:

  1. On.ge
  2. Publika.ge
  3. მედია აპრილი
  4. Chai Khana Media
  5. Entrepreneur Georgia
  6. ტაბულა
  7. knews.ge კახეთის ხმა
  8. სამხრეთის კარიბჭე
  9. რადიო “მარნეული”
  10. EPN.ge
  11. მაუწყებელი
  12. პროექტი 64
  13. OC Media
  14. საგამოძიებო მედია ლაბი (IML)
  15. “აი,ფაქტი”
  16. Accent
  17. bm.ge

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები