მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხელისუფლების ძალისხმევის შედეგად, საქართველო, ისე როგორც არასდროს, დაუახლოვდა ევროპას - სოსო ფხაკაძე

სოსო ფხაკაძე

“საქართველოს ბიზნეს ასოციაციის” პრეზიდენტი, "ვისოლის" თანადამფუძნებელი სოსო ფხაკაძე აცხადებს, რომ ხელისუფლების ძალისხმევის შედეგად, საქართველო, ისე როგორც არასდროს, დაუახლოვდა ევროპას.

ბიზნესმენი "რუსულ კანონთან" დაკავშირებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ბიზნესსა თუ სხვა ტიპის საქმიანობაში გამჭვირვალობასა და ღიაობას მნიშვნელოვანი როლი ენიჭება. ბიზნესმენი იმედოვნებს, რომ სამოქალაქო დაპირისპირების საშიშროების წინაშე არ ვდგავართ და პროცესი კონსტრუქციულ რეჟიმში გადაინაცვლეს.

"საჭიროდ მივიჩნიე ჩემი დამოკიდებულება გამოვხატო მიმდინარე პოლიტიკური მოვლენებისადმი, როგორც ამ ქვეყნის მოქალაქემ, ბიზნესმენმა და საზოგადოებრივ ცხოვრებაში, კერძოდ კი ბიზნესსა და ეკონომიკურ პროცესებში, აქტიურად ჩართულმა პირმა.

უპირველეს ყოვლისა, ვეხმიანები და ვუერთდები ქართული საზოგადოების, პოლიტიკური სპექტრის სულისკვეთებას და ერთიანობას უმთავრეს საკითხში: ჩვენი ქვეყნის ისტორიული არჩევანი არის ევროპა და ევროპული ღირებულებები! ჩემი აზრით, ამ ნაწილში სხვა სახის მიდგომა ისტორიის არცოდნა და ქვეყნის ღალატის ტოლფასი იქნებოდა!

სწორედ ეს ღირებულება, მისწრაფება და მიზანია ის უმთავრესი, რაზეც ჩვენი საზოგადოება ყოველთვის აკეთებს და გააკეთებს არჩევანს.

ვფიქრობ, წლების განმავლობაში, ხელისუფლების მნიშვნელოვანი ძალისხმევის შედეგად, საქართველო, ისე როგორც არასდროს ჩვენი ისტორიის მანძილზე, დაუახლოვდა ევროპას, რაც აისახა ასოცირების შეთანხმებაში და ამ შეთანხმებით გათვალისწინებული დღის წესრიგის შესრულებაში, რომლის ფარგლებშიც არაერთი ქმედითი ნაბიჯი გადაიდგა ევროპულ კანონმდებლობასთან დაახლოების, უსაფრთხო და კონკურენტული, ჯანსაღი ბიზნეს გარემოს ჩამოყალიბების, გამჭვირვალე, ხელმისაწვდომი, გამარტივებული საჯარო სერვისების, საჯარო მმართველობის სისტემის შექმნის კუთხით.

ამ ყველაფერმა, საბოლოო ჯამში, მოგვიტანა ვიზა ლიბერალიზაცია. გასული წლის ბოლოს კი ჩვენ ყველამ ერთად ვიზეიმეთ კანდიდატის სტატუსის მონიჭება, როგორც ქართველი ხალხის ურყევი ნების აღსრულება!

ბუნებრივია, ბიზნესსა თუ სხვა ტიპის საქმიანობაში გამჭვირვალობასა და ღიაობას უაღრესად მნიშვნელოვანი როლი ენიჭება. თუმცაღა, აქვე ნუ დაგვავიწყდება, რომ სამოქალაქო დაპირისპირებამ, რასაც ხშირად ჰქონდა ადგილი 90-იანი წლებიდან მოყოლებული, უმძიმეს განსაცდელში ჩააგდო ჩვენი ქვეყანა და მრავალი წლით დაგვწია უკან განვითარებული სამყაროსგან.

მინდა მჯეროდეს, რომ დღეს ჩვენ ამ სახის საშიშროების წინაშე არ ვდგავართ და მიმდინარე პოლიტიკური პროცესი გადაინაცვლებს პროფესიულ და კონსტრუქციულ დისკუსიებში, განხილვებში. ნუ შევეჯიბრებით ერთმანეთს სამშობლოს “სიყვარულში” ისე, რომ თვითონ ეს, ყველაზე სანუკვარი და ტკბილი სამშობლო დავაზიანოთ.

ასევე უნდა გვახსოვდეს, რომ მსოფლიოში, განსაკუთრებით კი ჩვენს რეგიონში რთული პროცესები მიმდინარეობს, რაც გარემოს ისედაც მყიფეს ხდის. ქვეყნის ხელისუფლების გონივრული მიდგომებით უზრუნველყოფილია ქვეყანაში მშვიდობა, სტაბილურობა, ეკონომიკური ზრდა, და მნიშვნელოვანია თავიდან ავირიდოთ ნებისმიერი დესტაბილიზაცია, რომელიც, მერწმუნეთ, მხოლოდ ჩვენი ქვეყნის მტრების ინტერესებზე დაასხამს წყალს.

მე როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთი მოქალაქე, დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ქვეყანა გახდება ევროპული ოჯახის წევრი და ეს იქნება სრულიად საქართველოს, მისი ნებისმიერი მოქალაქის ერთობლივი გამარჯვება!

წარმატებებს ვუსურვებ ჩვენს ქვეყანას ევროპის გზაზე",- წერს სოსო ფხაკაძე.

"ქართული ოცნება" საქართველოში "რუსული კანონის" მიღებას წელსაც ცდილობს. "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ კანონპროექტის" მიხედვით, უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციათა რეესტრში უნდა დარეგისტრირდეს ყველა საზოგადოებრივი ორგანიზაცია თუ მედიასაშუალება, რომელთა მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო დონორული ორგანიზაციები, საერთაშორისო ფონდები თუ უცხოური ასოციაციებია.

რამდენიმე კვირაა, საქართველოს მოქალაქეები "რუსული კანონის" პარლამენტიდან გაწვევას მოითხოვენ. იმავეს ურჩევენ მმართველ პარტიას სტრატეგიული პარტნიორი ქვეყნები, მათ შორის აშშ და ევროკავშირი.

25 აპრილს, ევროპარლამენტმა 425 ხმით მიიღო რეზოლუცია საქართველოს შესახებ, რომელშიც წერია, რომ "უცხოური გავლენის გამჭვირვალობის" კანონპროექტი ეწინააღმდეგება ევროკავშირის პრინციპებს. რეზოლუციაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირში გაწევრიანების მოლაპარაკებები არ დაიწყოს მანამ, სანამ ეს კანონი საქართველოს სამართლებრივ დღის წესრიგშია. ასევე, შესაძლოა, გადაიხედოს ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა. ევროპარლამენტარებმა ბიძინა ივანიშვილის სანქცირებაც მოითხოვეს.

26 აპრილს, შეერთებული შტატების სენატის ორპარტიულმა ჯგუფმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს წერილი გაუგზავნა. სენატორები ღრმა შეშფოთებას გამოხატავენ და პრემიერს აფრთხილებენ, რომ თუ ხელახლა ინიციირებული უცხოური აგენტების კანონპროექტი კანონი გახდება, ისინი იძულებულნი იქნებიან, წაახალისონ აშშ-ის პოლიტიკის შეცვლა საქართველოს მიმართ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები