მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ხელისუფლებისგან მივიღეთ ძალიან დეტალური ინფორმაცია [ყულევის] ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენი შეშფოთების საგანია -  EU-ს ელჩი

ევროკავშირი

საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი ამბობს, რომ ყულევის პორტთან დაკავშირებით საქართველოს ხელისუფლებისგან მიიღეს ინფორმაცია და მტკიცებულებები. მან ამის შესახებ ჟურნალისტებს ევროკავშირის მიერ რუსეთისთვის მომზადებულ სანქციების მეოცე პაკეტზე და მასში ყულევის პორტის შესაძლო მოხვედრაზე საუბრისას განუცხადა.

ელჩი ვერ აკონკრეტებს, რამდენად საკმარისი იქნება მიწოდებული ინფორმაცია იმისთვის, რომ ობიექტს სანქციები არ შეეხოს. მისივე თქმით, ყურადღებით გაგრძელდება დაკვირვება საქართველოს მიერ საერთაშორისო სანქციების დაცვასთან დაკავშირებით.

„სანქციების მეოცე პაკეტზე წევრ სახელმწიფოებს შორის დისკუსია გრძელდება. როგორც მოგეხსენებათ, ევროკავშირის სანქციების პოლიტიკა ერთობლივი გადაწყვეტილებით მიიღება. გუშინ გვქონდა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა. სამწუხაროდ, ამ მომენტისთვის ერთსულოვნება მიღწეული არ არის და დისკუსია გრძელდება. ჩვენი მიზანია რუსეთის შემოსავლების შემცირება და მისთვის ომის ფასის ზრდა.

შემიძლია დავადასტურო, რომ საქართველოს ხელისუფლებისგან მივიღეთ ძალიან დეტალური ინფორმაცია ინფრასტრუქტურასთან დაკავშირებით, რომელიც ჩვენი შეშფოთების საგანია. ასევე, გვარწმუნებენ, რომ ეს ინფრასტრუქტურა არ იქნება გამოყენებული სანქციებისთვის გვერდის ასავლელად. თუ მოწოდებული ინფორმაცია და მტკიცება იქნება საკმარისი წევრი ქვეყნებისთვის, რათა არ მოხდეს ამ კონკრეტული ინფრასტრუქტურის დასანქცირება, ამ ეტაპზე ამის თქმა არ შემიძლია. გულწრფელად ვიმედოვნებ, რომ წევრი ქვეყნები მიაღწევენ ერთსულოვნებას სანქციების მეოცე პაკეტთან დაკავშირებით მალე. ცხადია, ჩვენ ძალიან ყურადღებით დავაკვირდებით საქართველოს შესაბამისობას საერთაშორისო სანქციებთან“, - განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.

არსებული ინფორმაციით, ყულევის პორტის შესაძლო სანქცირება რუსულ ნავთობს უკავშირდება. Bloomberg-ი წყაროებზე დაყრდნობით წერს, რომ ევროკავშირის წევრი ზოგიერთი ქვეყანა (უნგრეთი და იტალია) საქართველოს პორტების სანქცირებას ეწინააღმდეგება. "ოცნების" პრემიერის, ირაკლი კობახიძის თქმით, ევროკავშირის მიერ რუსეთის წინააღმდეგ შემუშავებული სანქციების მე-20 პაკეტში საქართველო, უფრო კონკრეტულად კი ყულევის პორტი არ იქნება. "ევროკომისიას მივაწოდეთ სრული ინფორმაცია ყულევთან დაკავშირებით და ეს ინფორმაცია ადასტურებს იმას, რომ ყულევში არ ირღვევა სანქციების რეჟიმი", - განუცხადა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები