ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი ამბობს, რომ სახელმწიფო საწარმოების რეფორმის ფარგლებში ხელშესახები შედეგებია. მან რეფორმის მიმდინარეობაზე საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიის შემაჯამებელი პრესკონფერენციაზე, შესაბამისი კითხვის საპასუხოდ ისაუბრა.
როგორც მინისტრი ამბობს, უკვე შეთანხმდა სავალუტო ფონდთან რეკომენდაციები, რომლის საფუძველზეც რეფორმის ახალ ფაზაზე მოხდება გადასვლა.
"ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი რეფორმა, რომელსაც საქართველოს მთავრობა ახორციელებს. ამ მიმართულებით საქართველოს ნამდვილად ხელშესახები პროგრესი აქვს. მნიშვნელოვანი ნაბიჯებია გადადგმული რეფორმის საწყის ეტაპზე, რომელიც მათ შორის მოიცავდა როგორც ხარჯების, ისე ადამიანური რესურსების ოპრტიმიზაციას. ჯამში რამდენიმე ასეული მილიონი ლარი არის სხვადასხვა მიმართულებით არსებულ საწარმოებთან მიმართებით ოპტიმიზაცია. ეს არის რეფორმის მნიშვნელოვანი ნაწილი, თუმცა არის ერთი მიმართულება. რეფორმა არის საკმაოდ დიდი, მოიცავს რამდენიმე მიმართულებას, რომელიც ძირითადად დამყარებულია OECD-ის მოდელზე და პოზიციები შეჯერებულია საერთაშორისო სავალუტო ფონდთან. რეფორმის ოთხივე მიმართულება ჩვენს პრიორიტეტშია და გვაქვს რეფორმის სრული განხორციელების მზაობა და შესაბამისი რეკომენდაციები ძალიან მალე, ალბათ მიმდინარე თვეში იქნება ასახული ჩვენს სამოქმედო გეგმაში. სხვა ბევრი რეფორმისგან განსხვავებით, ეს არ არის ისეთი ტიპის რეფორმა, რომელიც შესაძლებელია ფორმულის დონეზე დავიყვანოთ, საკმაოდ რთული რეფორმაა, არ არსებობს მისი წარმატებით განხორციელების კონკრეტული რეცეპტი. ეს რეფორმა ძალიან ბევრ განვითარებულ ქვეყანაშიც განხორციელებულა წარუმატებლად, აღარ ვამბობ განვითარებად ქვეყნებს. შესაბამისად, ეს იმ ტიპის რეფორმაა, როდესაც ახორციელებ გეგმის მიხედვით, რაღაც ეტაპზე უყურებ შედეგებს და შემდეგ აკორექტირებ სამომავლო გეგმებს. კარგია, რომ ამ მიმართულებით გვყავს კომპეტენტური, გამოცდილი პარტნიორი, როგორიცაა საერთაშორისო სავალუტო ფონდი. რეფორმის გარკვეული ფაზა, რომელიც ოპტიმიზაციას ეხებოდა დასრულდა და გადავდივართ, განახლებული რეკომენდაციებიდან გამომდინარე, ახალ ფაზაზე, რომელიც მოიცავს როგორც მმართველობითი სისტემის დახვეწას, ასევე ბაზარზე მათი პოზიციონირების, გადაწყვეტილებების მიღების მიმართულებით, ძალიან მნიშვნელოვანი მიმართულება, რომლის 99%-ით არის განხორციელებული, არის საწარმოებზე ფინანსური ფისკალური ზედამხედველობა, რომელიც გარანტიას იძლევა, რომ სახელმწიფო საწარმოებიდან ფისკალური რისკები არ წარმოექმნება სახელმწიფო ბიუჯეტს.
ძალიან მნიშვნელოვანი, ხელშესახები პროგრესი გვაქვს, თუმცა ნაბიჯები კიდევ გადასადგმელია, რომელზეც მზაობა გვაქვს. ერთი კვირის წინ დასრულდა რეკომენდაციების საბოლოო შეჯერება, რომელიც აბსოლუტურად თანხვედრაშია ჩვენს გეგმებთან და დარწმუნებული ვარ, ეს რეფორმა იქნება ჩვენი და საერთაშორისო სავალუტო ფონდის თანამშრომლობით განხორციელებული ერთ-ერთი წარმატებული რეფორმა. [სახელმწიფო საწარმოების რეფორმის] თემა ყოველთვის იყო ჩვენი თანამშრომლობის ჩარჩოში, მათ შორის წინა პროგრამის ფარგლებში. ახლა სიახლეა, რომ მოხდა მანამდე არსებული რეკომენდაციების გადახედვა და განახლდა რეკომენდაციები ორი წლის განმავლობაში რეფორმის არსებული შედეგების გათვალისწინებით. რეფორმის საბოლოო მიზანი არაა დაკორექტირებული, თუმცა გარკვეული კორექტირება შევიდა იმ გზების ნაწილში, რომლითაც ამ მიზნამდე უნდა მივიდეს სახელმწიფო.
ამ რეფორმის ყველა კომპონენტი ზრდის ნდობას სახელმწიფო საწარმოების მიმართ, რამაც უნდა გაზარდოს ინვესტორების დაინტერესება. ეს გავლენას ახდენს როგორც მათ საკრედიტო რეიტინგებზე, ასევე მათ შესაძლებლობებზე, მოიზიდონ თანხები. იდენტიფიცირებულია საწარმოების გარკვეული ჩამონათვალი, როგორიცაა საქართველოს რკინიგზა, ნავთობისა და გაზის კორპორაცია, აეროპორტების გაერთიანება და სხვა. ძირითადი კრიტერიუმია, რამდენად შეუძლია სახელმწიფო საწარმოს გახდეს კორპორაცია და დამოუკიდებლად შეიტანოს წვლილი ქვეყნის განვითარებაში. პირველი ეტაპისთვის იყო ოპტიმიზაციის ნაწილი, გარანტირება, რომ ამ საწარმოებიდან ფისკალური რისკი არ დაუდგებოდა ქვეყანას და ამ მიმართულებით ხელშესახები შედეგია, იქიდან გამომდინარე, რომ სრული ფინანსური ზედამხედველობაა უზრუნველყოფილი ამ საწარმოებში, ფინანსთა სამინისტროსთან ხდება შესაბამისი ბიზნეს გეგმების, გადაწყვეტილებების შეთანხმება ფინანსთა სამინისტროსთან", - ამბობს მინისტრი.
როგორ აფასებს IMF სახელმწიფო საწარმოების რეფორმას? - ალეხანდრო ჰაჟდენბერგის პასუხი




























