"რიყის დოქების" გაყიდვის მთავარ მიზეზად ბიზნესმენი დავით ხიდაშელი არასტაბილურ საინვესტიციო გარემოს ასახელებს. მისი თქმით, სწორედ ამ ფაქტორის გამო ვერ მოხერხდა დამატებითი ინვესტორების მოზიდვა.
ღია განცხადება ხიდაშელმა მას შემდეგ გაავრცელა, რაც გუშინ ცნობილი გახდა, რომ ხიდაშელმა "რიყის დოქები" შპს "რიყე დომს" მიჰყიდა.
"ჩემი ინიციატივით ღია სახელმწიფო აუქციონზე შევიძინე რიყის დოქები, სადაც მსურდა დამეფუძნებინა საქართველოს ისტორიული ტერიტორიების მუზეუმი. სწორედ ეს მუზეუმი უნდა გამხდარიყო სივრცე, სადაც მუდმივ ექსპოზიციაზე გამოიფინებოდა 250-ზე მეტი უნიკალური რუკა, რომლებიც სრულიად უსასყიდლოდ გადავეცი საქართველოს სახელმწიფოს. მანდვე უნდა განთავსებულიყო მსოფლიო ღვინის მუზეუმი და სხვა მრავალი ტექნოლოგიური სივრცე.
სამწუხაროდ, სხვადასხვა მიზეზის გამო, მათ შორის ჩვენი პირადი ინვესტიციების გარდა ვერ მოხერხდა სხვა ინვესტიციების მოზიდვა, არასტაბილური საინვესტიციო კლიმატის გამო. ამას ყველა კარგად ხედავს, ამიტომ, ეს წამოწყებაც არ განხორციელდა ბოლომდე და დღეს უკვე რიყის დოქებიც გასხვისებულია. ჩემი და ჩემი ოჯახის წევრების საინვესტიციო აქტიურობა საქართველოში მინიმუმამდე შემცირდა, მაგრამ ეს საერთოდ არ ნიშნავს, რომ ჩვენ ნაკლებად გვიყვარს სამშობლო. რა თქმა უნდა მომავალშიც შევეცდებით შეძლებისდაგვარად ბევრი სასარგებლო პროექტი განვახორციელოთ.
ამასთანავე, საჭიროდ ვთვლი განვაცხადო:
- არ ვარ და არასოდეს ვყოფილვარ პოლიტიკური პროცესების მონაწილე ან პოლიტიკური ძალების ინტერესების გამტარებელი;
- ჩემი ეგრედ წოდებული „რუსეთში ბიზნეს საქმიანობა“ ათ წელზე მეტი ხნის წინ დასრულდა და მას შემდეგ რუსეთთან არანაირი კავშირი აღარ მაქვს. ტყუილად მაბრალებენ რუსეთთან არ არსებულ კავშირებს.
- ჩემი საქმიანობა სრულად დისტანცირებულია შიდა ან გარე პოლიტიკური დაპირისპირებებისგან;
- ყველა ცილისმწამებლური მცდელობა, რომ ჩემი სახელი გამოყენებულ იქნას პოლიტიკური ქულების დასაწერად, მკაცრად მიუღებელია.
მოვუწოდებ მედიას:
- დაიცვას ბალანსი,
- შეამოწმოს ინფორმაცია ფაქტობრივად და სამართლებრივად,
- და პატივისცამით მიუდგეს როგორც საზოგადოებას, ისე თითოეულ ინდივიდუმს.
მჯერა, რომ სიმართლე საბოლოოდ იპოვის საკუთარ გზას, და მედია სწორად შეაფასებს ჩემი საქმიანობის მნიშვნელობას", - წერია მედიაში განცხადებაში.
bm.ge ეკონომიკის სამინისტროდან ელოდება პასუხს, როგორია ახალი ინვესტორის საინვესტიციო ვალდებულება.
ცნობისთვის, ე.წ. "რიყის დოქები" ხიდაშელმა 10 მილიონ ლარად შეიძინა. ხიდაშელს "რიყის დოქებში" 20 მლნ ლარის ინვესტიციის განხორციელების ვადა 12 მაისს ეწურებოდა. საქმე ისაა, რომ 2022 წელს ბიზნესმენ დავით ხიდაშელთან დაკავშირებულმა კომპანია GLOBAL VICTORY TRUST-მა "რიყის დოქები" 10 მილიონ ლარად შეიძინა. ქონება აუქციონზე გაიყიდა საინვესტიციო ვალდებულებით. კერძოდ, მესაკუთრეს 36 თვის ვადაში არანაკლებ 20 მლნ ლარის ინვესტიცია უნდა განეხორციელებინა და ტერიტორიაზე ღვინის, ციფრული ხელოვნების და ტექნოლოგიების მუზეუმი, ასევე საგამოფენო და საკონფერენციო სივრცეები მოეწყო.
აღსანიშნავია, რომ 12 მილიონი ლარის ინვესტიციის შეუსრულებლობის გამო, სახელმწიფომ დავით ხიდაშელს უკვე ჩამოერთვა კურორტი ახტალა. ხიდაშელმა ახტალა 2018 წლის ივნისში, საჯარო აუქციონის შედეგად 3.76 მილიონ ლარად შეიძინა. აუქციონის პირობების მიხედვით, მას ტერიტორიაზე 120 ნომრიანი სასტუმრო-კომპლექსი უნდა აეშენებინა და პროექტში, არანაკლებ, 12 000 000 ლარის ინვესტიცია განეხორციელებინა.
მიმდინარე წლის 20 მარტს ცნობილი გახდა, რომ ბიზნესმენ დავით ხიდაშელის კომპანიას ასევე ჩამოერთვა კურორტი "ლიბანი" 499,500 ლარის პირგასამტეხლო დაეკისრა. კურორტი ლიბანი დავით ხიდაშელმა 2021 წლის მარტში შეიძინა და მასში 8 მილიონი ლარის ინვესტიციით 70 ნომრიანი სასტუმრო უნდა მოეწყო, თუმცა საინვესტიციო პირობები არ შესრულებულა.
ამასთან, 2023 წელს გარემოს ეროვნულმა სააგენტომ რაჭაში სამონადირეო მეურნეობის ლიცენზია ძალადაკარგულად გამოაცხადა. ხიდაშელთან დაკავშირებულმა კომპანია HG Capra Caucasica-მ რაჭაში სამონადირეო მეურნეობის განვითარების ლიცენზია 2022 წლის 23 მარტს, აუქციონში გამარჯვების საფუძველზე მიიღო, ლიცენზიით ნაკისრი ვალდებულებები არ შეასრულა.




























