მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ხიდის აღდგენის პროექტი შემუშავდება”- 1.5 წლის შემდეგ სამტრედია-გრიგოლეთის დაზიანებული ხიდის აღდგენის ვადები ისევ უცნობია

ინფრასტრუქტურა

2023 წლის 22 თებერვალს სამტრედია-გრიგოლეთის I მონაკვეთზე მშენებარე ხიდი დაზიანდა: ხიდს მე-8 ბურჯი გამოეცალა, რამაც ორი მალის ჩამოშლა გამოიწვია.

1.5 წლის შემდეგ საავტომობილო გზების დეპარტამენტში BM.GE-ის უცხადებენ, რომ ამ ეტაპზე აღნიშნულ მონაკვეთზე ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები მუშაობენ. მათი შეფასებით, მიმდინარეობს დეტალური საპროექტო და წინა მოსამზადებელი სამუშაოები, რომლის შემდეგად გამოცხადდება ხიდის აღდგენის პროექტზე ტენდერი.

კითხვაზე თუ რა ვადებში დასრულდება დაგეგმილი პროცესები საავტომობილო გზების დეპარტამენტში არ აკონკრეტებენ.

“სამტრედია- გრიგოლეთის პირველ მონაკვეთზე, მდინარე რიონზე დაზიანებული მშენებარე ხიდის აღსადგენად, დეპარტამენტმა საპროექტო კვლევებისთვის მოიწვია ევროპელი სპეციალისტები. ქართველი, ავსტრიელი და გერმანელი ექსპერტებისგან დაკომპლექტებულმა საერთაშორისო ჯგუფმა, ხიდის აღდგენის პროექტის შესამუშავებლად, სტრუქტურული, გეოლოგიური, ჰიდროლოგიური და სხვა ტიპის კვლევები ჩაატარა. მოცემულ ეტაპზე, მიმდინარეობს დეტალური საპროექტო და წინა მოსამზადებელი სამუშაოები, რომლის საფუძველზეც შემუშავდება ხიდის აღდგენის პროექტი. პროექტის მიხედვით კი, დაიწყება სამშენებლო სამუშაოები, რა დროსაც განისაზღვრება მათი დასრულების ვადა”, - აცხადებენ საავტომობილო გზების დეპარტამენტში.

როგორც ცნობილია, აღნიშნულ მონაკვეთზე სამუშაოებს კომპანია “აკორდი” 2018 წლიდან ახორციელებდა. ექსპერტიზის დასკვნით, ხიდის ჩავარდა არაჯეროვნად შესრულებულმა სამშენებლო სამუშაოებმა გამოიწვია.

კითხვაზე თუ რა დამატებითი თანხა უჯდება ბიუჯეტს აღნიშნული მონაკვეთის დასრულება, უწყებაში ამბობენ, რომ სამტრედია-გრიგოლეთის პირველ მონაკვეთზე, მდინარე რიონზე დაზიანებულ მშენებარე ხიდთან დაკავშირებით, დეპარტამენტს დაწყებული აქვს შესაბამისი სამართლებრივი პროცედურები. მათი თქმით, როგორც უკვე ჩატარებული კვლევა-ძიების სამუშაოების, ასევე მიმდინარე დეტალური საპროექტო სამუშაოების ღირებულება მოთხოვნილ იქნება დავის ფარგლებში.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები