ხმების მოპარვის რეალურ ფაქტებს დაგიდებთ ძალიან მალე, უკვე არსებობს და რამდენიმე დღეში, ხვალ, ზეგ მაქსიმუმ, კონკრეტული ფაქტები გექნებათ ვისი ხმები როგორ მოიპარეთ, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა მამუკა მდინარაძემ პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა.
მისი თქმით, უკვე რამდენიმე ფაქტი არსებობს, როცა „ქართული ოცნების“ მომხრე ამომრჩეველი მივიდა საარჩევნო უბანზე და არ აღმოჩნდა სიაში, ხოლო შემდეგ, როგორც აღმოჩნდა, რაღაც გაურკვეველი ნომრებით ისინი დარეგისტრირებულები არიან დამკვირვებლებად რომელიღაც რეგიონში საარჩევნო უბნებზე.
„ვთქვათ, მე მივედი კონკრეტული პარტიის მხარდაჭერად თბილისში ჩემს საარჩევნო უბანზე და აღმოვჩნდი წყალტუბოში დამკვირვებლად გაფორმებული. ამ გაფორმების ავტორები არიან სხვადასხვა პარტიები აგენტურული პარტიებიდან. თუ ხმების მოპარვაზე ვლაპარაკობთ, ამასაც ბოლომდე ჩავყვებით და ბოლომდე დავადგენთ, ვინ დაარეგისტრირა ეს ხალხი, ჩვენი მომხრეები ოპოზიციური პარტიების დამკვირვებლებად. ხმების მოპარვა რომ გაინტერესებდათ, ამ ხმების მოპარვის რეალურ ფაქტებს დაგიდებთ ძალიან მალე, უკვე არსებობს და რამდენიმე დღეში, ხვალ, ზეგ მაქსიმუმ, კონკრეტული ფაქტები გექნებათ ვისი ხმა როგორ მოიპარეთ“, - განაცხადა მდინარაძემ.