მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ხომ კარგად ვიცით, რომ ადამიანები გარბიან ქვეყნიდან, რადგან აქ ვერ ხედავენ მომავალს?! - ბიზნესმენი

თამაზ დაუშვილი

კომპანია „დიოს“ მმართველი პარტნიორის თამაზ დაუშვილის აზრით, მმართველი პარტიის მიერ ინიციირებულ „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროექტს, რომელიც საზოგადოებაში „რუსული კანონის“ ან „აგენტების კანონის“ სახელითაა ცნობილი, გამჭვირვალობასთან კავშირი არ აქვს.

ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ კიდევ ერთხელ ისაუბრა. ბიზნესმენისთვის გაუგებარია, რატომ უნდა მიიღოს ხელისუფლებამ ისეთი კანონი, რასაც ყველა საერთაშორისო პარტნიორი და მოქალაქეების უდიდესი ნაწილი ნეგატიურად აფასებს.

თამაზ დაუშვილმა „წერტილთან“ ინტერვიუში იმ ბიზნესმენების განცხადებებზეც ისაუბრა, სადაც მსხვილი ბიზნესი გამჭვირვალობას მიესალმა და ამ ფორმით, ფაქტობრივად, მხარი დაუჭირა მმართველი ძალის კანონპროექტს.

„მინდა, მათ ვუთხრა, რომ არსებობენ ძალიან დიდი ფულის პატრონი ადამიანები აშშ-ში, რომლებიც სულ სხვა ღირებულებებით ცხოვრობენ, მაგალითად, ოურენ ბაფეტი, რომელიც 1969 წელს გამოშვებული მანქანით დადის და თავისი შემოსავლის უმნიშვნელოვანეს ნაწილს თავისი ქვეყნის და მსოფლიოს კეთილდღეობისთვის რიცხავს. მოდით, ამაზე დავფიქრდეთ...

ღირებულებებია ყველაზე მთავარი! სახლში რომ მივალთ, საკუთარ შვილებს რაზე უნდა ვესაუბროთ, რა უნდა ვუთხრათ, რა უნდა ავუხსნათ...

რატომ მიეცა საქართველოში ბიზნესს განვითარების შესაძლებლობა?! 1991 წლამდე ასე ხომ არ იყო?! ჩვენ ხომ დამოუკიდებელმა საქართველომ მოგვცა საშუალება, ვიღაცები ბიზნესმენები გავმხდარიყავით. ხომ ასეა?! მანამდე ვინ იყვნენ? - "ცეხავიკები". მე მგონი, ჩვენ "ცეხავიკობა" არ გვინდოდა, ხომ?! გვინდოდა, ნორმალურ ქვეყანაში ცხოვრება, სადაც ყველა ადამიანი შეძლებდა, თავისი შესაძლებლობების გამოვლენას და ქვეყნიდან არ გაიქცეოდა.

ჩვენ ხომ კარგად ვიცით, რომ ადამიანები გარბიან ამ ქვეყნიდან, რადგან აქ ვერ ხედავენ საკუთარ მომავალს?! რა ფასი აქვს მაშინ ამ ბიზნესის კეთებას თუ შენივე მოქალაქე გაგირბის ქვეყნიდან და მერე წუწუნებ - „ვაიმე, სამუშაო ძალა აღარ არისო“... როგორ იქნება თუკი ერთად ვერ მოვახერხეთ ამ ადამიანების დარწმუნება, რომ ეს ქვეყანა უკეთესი გახდება?!

საქართველოს ექმნება პრობლემა, ევროპის კავშირში გაერთიანების გზაზე... თუ ჩემი არ გჯერათ, მგონია, მათაც <“გამჭვირვალობის“ მხარდამჭერ ბიზნესმენებს> აქვთ საშუალება, დაელაპარაკონ ელჩებს და მათი დაიჯერონ...“ - განაცხადა თამაზ დაუშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები