„აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ ახალი მოდელის მიხედვით, 1-ელი ივლისიდან, "შეღავათიანი აგროკრედიტების“ გაცემის წესი და პირობები შეიცვლება.
როგორც BMG-ის სოფლის მეურნეობის სამინისტროში განუმარტეს, "შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი" არ უქმდება, მაგრამ „ერთიანი ლოგიკის ფარგლებში“ იმუშავებს.
ერთ-ერთი მთავარი სიახლე არის ის, რომ თუ 2013 წლიდან მოქმედი პროექტით, შეღავათიან აგროკრედიტს გასცემენ პროექტში ჩართული ბანკები და საფინანსო ორგანიზაციები და სოფლის განვითარების სააგენტო არ მონაწილეობს საკრედიტო განაცხადის დამუშავების და კრედიტის გაცემის პროცესში, ახალი მოდელის თანახმად, სახელმწიფო თანადაფინანსების მისაღებად, ბენეფიციარის [ფიზიკური თუ იურიდიული პირი] „ბიზნესგეგმა“, პირველ რიგში, მთავრობას უნდა მოეწონოს.
დავით სონღულაშვილის უწყებაში განმარტავენ, რომ სახელმწიფოს სურს, აგროპროექტების შერჩევისას უფრო მეტი კონტროლი ჰქონდეს. მიაჩნიათ, რომ ბოლო 13 წლის განმავლობაში მოქმედი მოდელი, პირველ რიგში, ბანკის ინტერესს და უზრუნველყოფას ეფუძნებოდა, არა - სექტორულ პრიორიტეტებს.
"შეღავათიანი აგროკრედიტით" გაცემული ₾8 მილიარდამდე სესხი ბიუჯეტიდან ₾1.8 მილიარდით დასუბსიდირდა
"შეღავათიანი აგროკრედიტით" ბიზნესმა 12 წელში ₾1 მილიარდის სუბსიდია მიიღო|TOP-20 ბიზნესჯგუფი
„ხშირად ფინანსდებოდა პროექტები, რომლებიც არ ვიცოდით, რა გავლენას ახდენდა და როგორ შესრულდა... ახალი მიდგომის ლოგიკა არის ის, რომ: ფული უნდა წავიდეს იქ, სადაც რეალური ეფექტია. შესაბამისად, პირველ ეტაპზე: ფასდება ბიზნესგეგმის ხარისხი... ანუ ბანკი აფასებს, შეძლებს თუ არა ადამიანი სესხის დაბრუნებას. სახელმწიფო აფასებს, ღირს თუ არა ამ პროექტის დაფინანსება ქვეყნისთვის. ეს არის როლების გამიჯვნა, რაც აქამდე არ არსებობდა“, - ნათქვამია BMG-ის კითხვის პასუხად მომზადებულ წერილობით განმარტებაში.
მას შემდეგ, რაც სოფლის მეურნეობის სამინისტროს შევახსენეთ, "შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტისა და გადამმუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის“ შესახებ მთავრობის 2014 წლის განკარგულება, სადაც დეტალურადაა გაწერილი პრიორიტეტული მიმართულებები, რომლის საფუძველზეც ბანკები საინტერესო და ფინანსურად გამართულ ბიზნესგეგმებს აკრედიტებდნენ, დავით სონღულაშვილი უწყებიდან მოგვწერეს, რომ "პრიორიტეტები ფორმალურად იყო განსაზღვრული და ხშირად ფინანსდებოდა არა ის პროექტები, რომლებიც დარგისთვის იყო ყველაზე მნიშვნელოვანი, არამედ ის, რომლებიც ბანკისთვის იყო ნაკლებად რისკიანი“.
„აგროთანადაფინანსების სახელმწიფო პროგრამის“ მოდელში სიახლეა ისიც, რომ სახელმწიფო თანამონაწილეობა ერთ პროექტში იქნება 50%, მაგრამ არაუმეტეს 2 მილიონი ლარისა.
"მთავარი პრინციპია: პირველად ხარჯვა, ხოლო შემდეგ თანადაფინანსება... მაგალითად, თქვენ უნდა განახორციელოთ მთლიანად 4-მილიონიანი ინვესტიცია და ამის შემდეგ იღებთ სახელმწიფოს თანადაფინანსებას, მაქსიმუმ 2 მილიონ ლარამდე“, - განუმარტეს BMG-ის სამინისტროში.
BMG-ის კითხვები და სოფლის მეურნეობის სამინისტროს პასუხები
- ამჟამად, „შეღავათიანი აგროკრედიტის“ პროგრამის ფარგლებში, რომელიც სახელმწიფო პროგრამებს შორის ერთ-ერთი ყველაზე ძველი და მსხვილი კომპონენტია, აგროკრედიტს გასცემენ პროექტში ჩართული ბანკები და საფინანსო ორგანიზაციები. სოფლის განვითარების სააგენტო არ მონაწილეობს საკრედიტო განაცხადის დამუშავების და კრედიტის გაცემის პროცესში. განახლებული მოდელით, მიდგომა იცვლება და პოტენციური ბენეფიციარის განაცხადს და ბიზნესგეგმას სოფლის განვითარების სააგენტო დაამუშავებს/შეისწავლის და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებს. რატომ გადაწყდა ასე?
- ძველი მოდელი მუშაობდა ასე: ფერმერი მიდიოდა ბანკში, ბანკი აფასებდა მხოლოდ საფინანსო რისკს, თუ აკმაყოფილებდა ბანკის მოთხოვნებს, სესხი გაიცემოდა და სახელმწიფო ავტომატურად ერთვებოდა თანადაფინანსებაში. პრობლემა იყო ის, რომ: გადაწყვეტილება ეფუძნებოდა, პირველ რიგში, ბანკის ინტერესს და უზრუნველყოფას, არა - სექტორულ პრიორიტეტებს. ხშირად ფინანსდებოდა პროექტები, რომლებიც არ ვიცოდით, რა გავლენას ახდენდა და როგორ შესრულდა, სახელმწიფოს არ ჰქონდა წინასწარი გავლენა, რა პროექტებს აფინანსებდა, სტანდარტების კუთხით. ახალი მიდგომის ლოგიკა არის ის, რომ: ფული უნდა წავიდეს იქ, სადაც რეალური ეფექტია. შესაბამისად, პირველ ეტაპზე: ფასდება ბიზნესგეგმის ხარისხი (პირველადი წარმოების ნაწილში შეფასება ხდება მარტივი ჩეკლისტების სახით, ხოლო გადამმუშავებელ საწარმოთა შემთხვევაში, წარმოსადგენია ბიზნესგეგმა, როგორც უწინ, იმ განსხვავებით, რომ მნიშვნელოვნად დაიხვეწა ბიზნეს გეგმის შეფასების მეთოდოლოგია), შესაბამისობა პრიორიტეტულ დარგებთან და პროექტის რეალური გავლენა (წარმოება, დასაქმება, ექსპორტი და ა.შ.) ანუ: ბანკი აფასებს, შეძლებს თუ არა ადამიანი სესხის დაბრუნებას. სახელმწიფო აფასებს, ღირს თუ არა ამ პროექტის დაფინანსება ქვეყნისთვის. ეს არის როლების გამიჯვნა, რაც აქამდე არ არსებობდა.
- “გადაწყვეტილება ეფუძნებოდა, პირველ რიგში, ბანკის ინტერესს და უზრუნველყოფას, არა სექტორულ პრიორიტეტებს” - რას გულისხმობთ ამ წინადადებაში, როცა სექტორული პრიორიტეტები ისედაც მთავრობის განკარგულებით იყო განსაზღვრული?
- როცა ვამბობთ, რომ ადრე გადაწყვეტილება დიდწილად ეფუძნებოდა ბანკის ინტერესს და უზრუნველყოფას, არ ვგულისხმობთ, რომ სექტორული პრიორიტეტები არ არსებობდა. პრიორიტეტები ფორმალურად იყო განსაზღვრული პროგრამით, მაგრამ პრაქტიკაში გადამწყვეტი მაინც იყო:
- აქვს თუ არა ბენეფიციარს საკმარისი უზრუნველყოფა
- როგორია მისი საკრედიტო ისტორია
- რამდენად „უსაფრთხოა“ პროექტი ბანკისთვის.
შედეგად, ხშირად ფინანსდებოდა არა ის პროექტები, რომლებიც დარგისთვის იყო ყველაზე მნიშვნელოვანი, არამედ ის, რომლებიც ბანკისთვის იყო ნაკლებად რისკიანი. პრიორიტეტები გვქონდა, მაგრამ საბოლოო სიტყვა პრაქტიკაში მაინც ბანკს ეკუთვნოდა. ახლა გვინდა, რომ ეს ბალანსი დარგის სასარგებლოდ გადავწიოთ.




























