ფინანსთა მინისტრის ლაშა ხუციშვილი ამბობს, რომ ბიუჯეტის პროექტის ამჟამინდელ ვერსიაში აეროპორტის მშენებლობის ან/და რეაბილიტაცია გათვალისწინებული არ არის.
მისივე თქმით, ვაზიანის ტერიტორიაზე ახალი აეროპორტის მშენებლობის საკითხზე ჯერჯერობით კვლევა მიმდინარეობს, თუმცა წინასწარი მონაცემებით მის მშენებლობა/ოპერირებაში სავარაუდოდ, საბიუჯეტო დაფინანსება საჭირო არ იქნება.
"აეროპორტების მიმართულებით ეკონომიკის სამინისტრო მუშაობს. კვლევა რომ დასრულდება გადაწყვეტილება იქნება მიღებული კონკრეტულ მოდელზე. ფინანსთა სამინისტროს წინასწარი შეფასებით, შესაძლოა არ იყოს სუვერენული დაფინანსების საჭიროება, რადგან აეროპორტის დღეს არსებული მოდელი იმდენად მოგებიანია, რომ მისი შემოსავლები უზრუნველყოფს აღნიშნული პროექტის დაფინანსებას სუვერენული გარანტიებისა და სახელმწიფოს ჩარევის გარეშე. დღეს არსებული ბიზნეს მოდელი ამის შესაძლებლობას იძლევა, თუმცა მნიშვნელოვანია კვლევა როგორ დასრულდება. თუ საჭირო იქნება ბიუჯეტში შემდგომ შევა ცვლილება. თუმცა ვიმეორებ, ჩვენი შეფასებით, აეროპორტების მოგებიანობა იმდენად მაღალია რომ აქ დიდი ალბათობით სახელმწიფოს მხრიდან დაფინანსების საჭიროება არ იქნება", - აცხადებს ხუციშვილი.