"შაბათის არჩევნები საქართველოში ხშირად მოიხსენიება, როგორც "სასიცოცხლო არჩევნები", რომლებიც გადაწყვეტს, ქვეყანა რუსეთისკენ დაიძვრება, თუ - დასავლეთისკენ" - ასე იწყება ამერიკული ბიზნესგამოცემა CNBC-ის სტატია, რომელიც საქართველოში წინასაარჩევნო გარემოს აფასებს.
სტატიაში აღნიშნულია, რომ საერთაშორისო საზოგადოება ახლოდან დააკვირდება 26 ოქტომბრის არჩევნებს, სადაც გადაწყდება "მმართველი პარტია "ქართული ოცნება" - რომლის ღიად პროდასავლური პოზიცია 12-წლიანი მმართველობის განმავლობაში, ბოლო რამდენიმე წელია, მტკიცედ პრორუსულად იქცა - შეინარჩუნებს ძალაუფლებას თუ ჩანაცვლდება პროდასავლური ოპოზიციური პარტიებით".
CNBC-ის სტატიაში ხაზგასმულია 2024 წლის არჩევნების მნიშვნელობა ქვეყნისთვის და გაიგივებულია სხვა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების გამოცდილებასთან, რომლებსაც პოლიტიკური პოლარიზაციის ფონზე არჩევანის გაკეთება, რუსეთსა და დასავლეთს შორის მოუწიათ.
"ხელისუფლებამ, "ქართული ოცნების" მმართველობით, არაერთი ისეთი პოლიტიკა გაატარა, რომელიც ეწინააღმდეგება მის მანამდე ღიად გაცხადებულ ამბიციას, NATO-სა და ევროკავშირში გაწევრიანების შესახებ, და ამის ნაცვლად ემთხვევა მოსკოვს", - ნათქვამია სტატიაში და მაგალითად მოყვანილია კანონმდებლობები, რომლებიც ოპოზიციური პარტიები მედიათავისუფლების, სამოქალაქო საზოგადოებისა და სექსუალური უმცირესობების შემზღუდავს უწოდებენ.
ავტორი საუბრობს "რუსული სტილის უცხოური გავლენის" კანონზე, რომელიც, მისი თქმით, ყველაზე ნათელი მაგალითია "ქართული ოცნების" მიერ კრემლის სტილის მმართველობის გადაღებისა.
"გამოკითხვები აჩვენებს, რომ მოსახლეობის უმრავლესობა, დაახლოებით 80%, მხარს უჭერს საქართველოს ევროკავშირში გაწევრიანებას, 67% კი NATO-ში გაწევრიანებას, რაც 3.8-მილიონიანი მოსახლეობის მნიშვნელოვან წილს მთავრობასთან შეუთანხმებლობაზე მიუთითებს", - წერს CNBC.
CNBC წერს, რომ საქართველოს არჩევნების შედეგებს როგორც ევროკავშირი, ასევე კრემლიც ახლოდან დააკვირდება.