მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ხვალ, საქართველოს უზენაეს სასამართლოში "რძის სკანდალის" საქმეზე სხდომა გაიმართება

რევაზ ვაშაკიძე

ხვალ, საქართველოს უზენაეს სასამართლოში „რძის სკანდალის“ საქმეზე სხდომა გაიმართება.

როგორც BMG-ის სასამართლო დავის მხარე კომპანია „ჩირინას“ დამფუძნებელმა რევაზ ვაშაკიძემ განუცხადა, სხდომა 14:00 საათზეა ჩანიშნული და ადვოკატებთან ერთად, თავადაც დაესწრება.

ბიზნესმენისთვის უცნობია, უზენაესი სასამართლო ხვალ გამოაცხადებს თუ არა საკუთარ გადაწყვეტილებას, მაგრამ იმედოვნებს, რომ მესამე ინსტანცია სააპელაციო სასამართლოს განაჩენს გააუქმებს

შეგახსენებთ, საქმე ეხება „ყვარლის ბაგას“ მიერ „ჩირინას“ წინააღმდეგ წამოწყებულ სამართლებრივ დავას, რომლითაც მეცხოველეობის ფერმა „ჩირინასგან“ 4.7 მილიონი ლარის ზიანის ანაზღაურებას ითხოვდა. აღნიშნული თანხის გადახდა „ჩირინას“ 2024 წლის 24 დეკემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით დაეკისრა, რაც კომპანიამ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა. სააპელაციო სასამართლომ "რძის სკანდალზე" სარჩელი ნაწილობრივ დააკმაყოფილა და კომპანია "ჩირინას" 1.6 მლნ ლარის გადახდა დაავალა. "ჩირინას" დაცვის მხარის ინფორმაციით, სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით "ჩირინამ" "ყვარლის ბაგასთან" დადებული ხელშეკრულება დაარღვია, ხოლო "ყვარლის ბაგას" მიუღებელ შემოსავალში მათ წვლილი არ მიუძღვით. ეს გადაწყვეტილება „ჩირინამ“ უზენაეს სასამართლოში გაასაჩივრა.

„ჩემი მოლოდინია, რომ უზენაესი სასამართლო მიიღებს კანონიერ, სწორ გადაწყვეტილებას და სააპელაციო სასამართლოს განაჩენს გააუქმებს. კომპანია „ჩირინას“ "ყვარლის ბაგასთან" დადებული ხელშეკრულების პირობები არ დაურღვევია. ჩვენ გავყიდეთ ქათმის ნაკელი, რომელიც ფერმამ ძროხებს აჭამა“, - ამბობს ბიზნესმენი.

BMG-თან საუბარში რევაზ ვაშაკიძემ კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ თუ საქართველოს უზენაესი სასამართლო მეორე ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებას არ გააუქმებს, „ჩირინა“ სამართლებრივ ბრძოლას სტრასბურგის სასამართლოში გააგრძელებს.

„მე ვმოქმედებ კანონის ფარგლებში; მე ვარ მართალი, ამიტომ სამართლიანობისთვის ბოლომდე ვიბრძოლებ, თუმცა იმედი მაქვს, უზენაესი სასამართლო სწორ გადაწყვეტილებას მიიღებს“, - აღნიშნა „ჩირინას“ დამფუძნებელმა.

"უზენაესი თუ გაგვამტყუნებს, სტრასბურგში მოგვიწევს ჩივილი" - რევაზ ვაშაკიძე "რძის სკანდალზე"

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები