ხვალაც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ 83-მა მოღალატემ ვერ მიიღოს აღნიშნული კანონი, - ამის შესახებ პარლამენტის ფრაქცია „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარემ, თინა ბოკუჩავამ პარლამენტში განაცხადა. ის დღეს გამართულ იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომას არ ესწრებოდა.
„მორიგ ჯერზე დაარბიეს, უმოწყალოდ სცემეს მშვიდობიანი მომიტინგეები, იმისთვის, რომ ივანიშვილის პარტიის დეპუტაცია მალულად და მოღალატეობრივად შემოეპარებინათ და შემდეგ გაეპარებინათ მოღალატეობრივად. მათ კომიტეტის სხდომა დაასრულეს ერთ წუთსა და 7 წამში. ეს არის სწორედ მათი მონობის საზომი. ამას არ შეეგუება თავისუფალი და თავისუფლების მოყვარე პროევროპელი ქართველი ხალხი, რომელსაც სცემს, აკავებს და ცდილობს, რომ დააშინოს.
ამ რამდენიმე დღემ გვაჩვენა, რომ ივანიშვილის მიერ დაანონსებული რეპრესიების არავის ეშინია. როცა ერთს სცემენ, ასი გამოდის და ა.შ. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას არა მხოლოდ აქ, არამედ ქუჩაში. ხვალ არის პლენარული სხდომა, სადაც ისევ მოღალატეობრივი, მონური მორჩილებით რუსული კანონი უნდა მიიღონ მესამე მოსმენით იმ 83-მა მოღალატე დეპუტატად წოდებულმა, რომელმაც ივანიშვილის მორჩილება აირჩია კანონპროექტის არჩევით. ხვალაც ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ივანიშვილის 83-მმა მოღალატემ ვერ მიიღოს აღნიშნული კანონი“, - თქვა ბოკუჩავამ.