მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„კიბერთაღლითები ფიშინგის დროს დიდი კომპანიების სახელებს იყენებენ“ - როგორ დავიცვათ თავი?

საზოგადოება და ბანკები

ბოლო დღეების განმავლობაში გახშირდა ტექსტური შეტყობინებები, სადაც META-ს სახელით მოსახლეობას რეკრუტირების პროგრამაში იწვევენ და მათ არწმუნებენ, რომ კონკრეტული პირი META-ს გუნდში ონლაინ ასისტენტის პოზიციაზეა შერჩეული ნახევარსაათიანი სამუშაო დროითა და მაღალი ანაზღაურებით. ამ შეთავაზების გასააქტიურებლად კი ბმულზე გადასვლას სთავაზობენ. როგორც BM.GE-სთან არასამთავრობო ორგანიზაცია საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი გიორგი კეპულაძე განმარტავს, ეს ფიშინგის კიდევ ერთი გზა არის, რომელსაც მოქალაქეები არ უნდა წამოეგონ.

მისი განმარტებით, კიბერთაღლითები ხშირად ნდობის მოსაპოვებლად ადგილობრივი თუ უცხოურ ბრენდებს იყენებენ და ამგვარად ცალკეული პირების საბანკო ანგარიშებზე წვდომის მიღებას ცდილობენ.

„კიბერთაღლითები, როგორც წესი სხვადასხვა დიდი კომპანიების სახელებს იყენებენ, იმისთვის რომ მომხმარებლის ნდობა მოიპოვონ და ამის შემდეგ ადვილად მოატყუონ ისინი. ხდებოდა საქართველოში რეგისტრირებული ცნობილი კომპანიების სახელების გამოყენება, ახლა Facebook-ის და META-ს სახელით საინვესტიციო თუ დასაქმების შეთავაზებების გაკეთება“, - განმარტავს კეპულაძე.

ფიშინგის სხვადასხვა სახეობისგან თავის დასაცავად კი „საზოგადოება და ბანკების“ დამფუძნებელი მოსახლეობას ყურადღებისკენ მოუწოდებს.

„ტექნიკურად პირველ რიგში რასაც უნდა შევხედოთ, ის არის, რომ როდესაც ვიღაც მცირე თანხის დაბანდების სანაცვლოდ უცებ გამდიდრებას გვთავაზობს, ეს ეჭვს უნდა იწვევდეს, რომ რაღაც თაღლითობასთან გვაქვს საქმე. მეორე ის არის, რომ ბმულზე გადასვლის ან აპლიკაციის გადმოწერის შემოთავაზება ჩვენს ანგარიშებზე ან პირად ინფორმაციაზე წვდომის მისაღებად გამოიყენება. ამიტომ როცა მსგავსი შეთავაზებები გვხვდება ცოტა ხანი უნდა დავფიქრდეთ, რომ ეს თაღლითობაა და არა რეალობა. არ უნდა გადავიდეთ ამ ბმულზე და არ უნდა დავიჯეროთ ერთი შეხედვით ძალიან მიმზიდველი შეთავაზებების.

ეს მეთოდი იცვლება, გვხვდება სხვადასხვა კომპანიების განსხვავებული შემოთავაზებები, რასაც ყოველთვის ეჭვის თვალით უნდა შევხედოთ“, - აცხადებს გიორგი კეპულაძე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები