"როდესაც ვამბობთ, რომ დღეს სკრინინგის მოცვა 15%-ის ფარგლებშია, შეუძლებელია ეს ერთ წელიწადში 70% გახდეს", - ამის შესახებ ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე, ჯანდაცვის მინისტრმა, მიხეილ სარჯველაძემ ისაუბრა. მან სიმსივნის სკრინინგის პროგრამებში სამიზნე მოსახლეობის მოცვის მაჩვენებელთან დაკავშირებით, უკმაყოფილება გამოთქვა.
ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა და კომიტეტმა, 2025 წლის სამოქმედო გეგმის საზედამხედველო უფლებამოსილების განხორციელების ფარგლებში, ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრ მიხეილ სარჯველაძეს მოუსმინა.
მომხსენებელმა კომიტეტის წევრებს დაავადებათა ადრეული გამოვლენისა და სკრინინგის სახელმწიფო პროგრამის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.
მინისტრის შეფასებით, მიუხედავად იმისა, რომ ადრეული დიაგნოსტიკისა და სკრინინგის დინამიკა 2024 წლის განმავლობაში დადებითია, ქვეყანა მაინც შორს არის იმ მაჩვენებლისაგან, როდესაც სკრინინგის ზოგად ეფექტურობაზე შეიძლება იყოს საუბარი.
“ცნობილია, რომ სკრინინგის მოცვის მაჩვენებელი 65-70% უნდა იყოს იმისათვის, რომ სამიზნე მაჩვენებელი მიღწეულად ჩაითვალოს და სკრინინგის პროგრამას ეფექტი ჰქონდეს. საქართველოში კი კიბოს სკრინინგის პროგრამებში სამიზნე მოსახლეობის მაჩვენებელი რეკომენდებულს მნიშვნელოვნად ჩამოუვარდება და 15%-ს არ აღემატება. ეს რა თქმა უნდა, არ არის კარგი მაჩვენებელი. ეს მოითხოვს გაუმჯობესებას. დინამიკა დადებითია, თუმცა ეს არ არის ის რიცხვები, რომელიც ახლოს გვამყოფებს იმ მაჩვენებელთან, რაც სასურველია.
როდესაც ვამბობთ, რომ დღეს სკრინინგის მოცვა 15%-ის ფარგლებშია, ერთ წელიწადში ამ მაჩვენებლის 70%-მდე გაზრდა შეუძლებელია. ამას გეგმაზომიერი მუშაობა სჭირდება, რომ გარკვეული წლების შემდეგ სასურველ მაჩვენებლებს მივუახლოვდეთ. ალბათ კარგი იქნება, თუკი წელს მოცვის მაჩვენებლით 20%-ს გავცდებით. აქ ისიც უნდა ვთქვათ, რომ ამ კულტურის დანერგვაში ნებისმიერი მზარდი მაჩვენებელი ნიშნავს, რომ შემდგომი მოცვა გაცილებით გაიოლებულია, რადგან კარგი პრაქტიკის დანერგვა ხელს უწყობს მის შემდგომ განვითარებას”, - ამბობს მიხეილ სარჯველაძე.
ჯანდაცვის მინისტრი აცხადებს, რომ საქართველოში ნაკლებად არის ისეთი ინსტრუმენტები, რომელიც მოსახლეობის სკრინინგში ჩართვის სტიმულირებას უზრუნველყოფს. მისი შეფასებით, სამომავლო პერსპექტივაში სკრინინგის სტიმულირებაზე ფიქრი ერთ-ერთი პრიორიტეტული საკითხი უნდა იყოს.