მეცნიერები გვაფრთხილებენ, რომ კლიმატის ცვლილება ლუდის გემოსა და ხარისხს მნიშვნელოვნად ცვლის. გლობალური დათბობა ლუდის მთავარი ინგრედიენტის, სვიას რაოდენობასა და ხარისხზე უარყოფითად აისახება, რის შედეგადაც, სასმელი შესაძლოა გაძვირდეს, მწარმოებლებს კი ახალი ლუდსახარში ტექნოლოგიების ათვისება მოუწიოთ.
კვლევის თანახმად, ევროპაში სვიის ფერმების საერთო ფართობი 2050 წლისთვის 4-18%-მდე შემცირდება, თუ ფერმერები საკუთარი ნაკვეთების უფრო ცხელ და ცივ ტემპერატურაზე ადაპტირებას ვერ შეძლებენ. ხოლო სვიაში შემავალი ალფა მჟავების შემცველობა, რაც ლუდს თავის სახასიათო გემოსა და არომატს ანიჭებს, 20-31%-ით დაეცემა.
ლუდი მსოფლიოს რიგით მესამე პოპულარული სასმელია, წყლისა და ჩაის შემდეგ და მარცვლეულის ფერმენტაციის პროცესის გავლით მზადდება და სხვადასხვა ტიპის მცენარეებით ზავდება, რომლებიც საშუალო სიმაღლეზე იზრდებიან და განათების, წყლის დონისა თუ ტემპერატურის ცვლილების მიმართ მგრძნობიარეები არიან.
ბოლო წლებში მაღალი ხარისხის კრაფტ-ლუდებზე მოთხოვნა განსაკუთრებით გაიზარდა, თუმცა სათბურის აირების ემისიები, რაც ლუდის ხარშვის პროცესის თანმდევია, პლანეტას რისკის ქვეშ აყენებს.
მკვლევრები აღნიშნავენ, რომ თუ ფერმერები შესაბამის ზომებს არ მიიღებენ, 2050 წლისთვის სვიის მინდვრების ფართობი 1998-2018 წლის მონაცემებთან შედარებით 18.4%-მდე შემცირდება, რისი გამომწვევი მიზეზიც ექსტრემალური ამინდი და გახშირებული გვალვა გახდება.