მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

მოსალოდნელია, რომ ალკოჰოლური სასმელების ბაზარი 2023-დან 2027 წლამდე სტაბილური წლიური ზრდის ტემპს გამოავლენს - კვლევა

ბაზარი

„თიბისი კაპიტალში" ელიან, რომ ალკოჰოლური სასმელების ბაზარი 2023-დან 2027 წლამდე სტაბილური წლიური ზრდის ტემპს გამოავლენს. ამის შესახებ მათ მიერ გამოქვეყნებულ სექტორულ კვლევაშია ნათქვამი.

კვლევის მიხედვით, ალკოჰოლური სასმელების ბაზრის შემოსავლები 2023 წელს დაახლოებით 1,609 მილიარდი აშშ დოლარს გაუტოლდება. მოსალოდნელია, რომ ეს ბაზარი გამოავლენს სტაბილური წლიური ზრდის ტემპს (CAGR) 5,42%-ს 2023-დან 2027 წლამდე. COVID-19 პანდემიის გამო გამოწვეული დაბრკოლებების შემდეგ გლობალური ღვინის ინდუსტრია კვლავ ზრდას განაგრძობს. 

ღვინის სექტორი საქართველოშიც იზრდება. მიუხედავად იმისა, რომ ღვინის წარმოება ბოლო ათი წლის განმავლობაში არასტაბილური ტრენდით ხასიათდებოდა, მაინც შეინარჩუნა დადებითი ტენდენცია, განსაკუთრებით 2013 წელს ემბარგოს მოხსნის შემდეგ. 2022 წელს ღვინის ოფიციალურმა წარმოებამ მიაღწია 119 მილიონ ლიტრს, რაც თითქმის უტოლდება წინა, 2021 წელს მიღწეულ დონეს. 

ცქრიალა ღვინის წარმოებას ბოლო ხუთი წლის განმავლობაში მკვეთრი ზრდის ტენდენცია აქვს. 2022 წელს 4,7 მლნ. ლიტრი ცქრიალა ღვინო იწარმოა, რაც გასულ წელთან შედარებით 4,5%-ით მეტია. 

2022 წელს ქართული ღვინის ექსპორტმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია, როგორც მოცულობის, ისე შემოსავლების თვალსაზრისით. საქართველოდან ექსპორტირებულია თითქმის 133 მილიონი ბოთლი ღვინო, რაც 26%-იანი ზრდაა წინა წელთან შედარებით. 

რუსეთი კვლავ რჩება ქართული ღვინის ყველაზე მნიშვნელოვან ბაზარად. შემოსავლების თვალსაზრისით, რუსეთის წილმა ქართული ღვინის ინდუსტრიის მთლიან შემოსავალში 2022 წელს 64%-ს მიაღწია, რაც 2014 წლის შემდეგ დაფიქსირებული ყველაზე მაღალი დონეა. ევროპის (13%) და დსთ-ს (8%) ქვეყნები 3 ტოპ ბაზარს შორის არიან ქართული ღვინისთვის. 

ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი ბოლო წლებში იკლებს. 2022 წელს 1 ლიტრი ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასმა 2,49 აშშ დოლარი შეადგინა, რაც წინა წელთან შედარებით 16%-ით ნაკლებია. 

2022 წელს საქართველოში ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების საერთო წლიურმა მოხმარებამ 23 მილიონ ლიტრს მიაღწია, რაც 12%-ით ნაკლებია წინა წლის მოხმარების მაჩვენებელთან შედარებით. ღვინო კვლავ რჩება დომინანტურ ალკოჰოლურ სასმელად ქართულ ოჯახებში, რომელიც 2021 წელს ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მთლიანი მოხმარების 95%-ს შეადგენს. 

ღვინისა და ალკოჰოლური სასმელების მთლიანმა ბრუნვამ 1,37 მილიარდი ლარი შეადგინა 2022 წელს, რაც 4.5%-ით აღემატება წინა წელის მაჩვენებელს. ადგილობრივი ღვინის მწარმოებლების მიერ გამომუშავებული მთლიანი შემოსავლები გაიზარდა 18%-ით(CAGR) 8 წლის განმავლობაში. 

ფინანსური მაჩვენებლების ანალიზში ჩართულმა ქართულმა ღვინის კომპანიებმა, 2021 წელს 730 მილიონი ლარის შემოსავალი გამოიმუშავეს, რაც საქართველოში ღვინის მთლიანი წარმოების 75%-ს შეადგენს. მთლიანი მოგება გაანალიზებული წლების განმავლობაში ზღვრულად მცირდებოდა, რაც  კომპანიების შემცირებულ მომგებიანობაზე მიუთითებს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები