მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კლინიკებში საჭიროა ინფექციის შიდა კონტროლის მექანიზმების აწყობა - ჭიაბერაშვილი

5f9301f66a545
BM.GE
23.10.20 21:00
635
"ევროპული საქართველოს" წევრის, ზურაბ ჭიაბერაშვილის თქმით, სამედიცინო პერსონალში ინფიცირების მაღალი მაჩვენებელი ადასტურებს იმას, რომ საჭიროა კლინიკებში ინფექციის კონტროლის მექანიზმების აწყობა და გაუმჯობესება.

როგორც ჭიაბერაშვილმა აღნიშნა, "ევროპული საქართველოს" 4-პუნქტიანი გეგმა, რომელიც მოიცავს სწრაფ რეაგირებას ჯანდაცვის პირველად რგოლში, ჰოსპიტალური სექტორის გაუმჯობესებას, საკარანტინე სივრცეებში რისკ-ჯგუფში მყოფი ადამიანების გადაყვანასა და ეკონომიკურ მიმართულებას, სწრაფად უნდა განხორციელდეს, რათა ახალ ხელისუფლებას კიდევ უფრო დამძიმებული არ დახვდეს ეპიდსიტუაცია.

„სამედიცინო პერსონალში ინფიცირების მაჩვენებელი ადასტურებს იმას, რაზეც ჩვენ მარტიდან მოყოლებული ვაფრთხილებდით მთავრობას, რომ საჭიროა კლინიკებში ინფექციის შიდა კონტროლის მექანიზმების აწყობა და გაუმჯობესება, საჭიროა სამედიცინო პერსონალის დაცვის საშუალებები და მუდმივი ტრენინგი, რათა ავიცილოთ თავიდან სამედიცინო პერსონალის ინფიცირება.

ისედაც მწირი სამედიცინო რესურსი, რომ მოვერიოთ გაზრდილ რიცხვებს, ახლა შეიძლება კიდევ უფრო მეტად დაგვაკლდეს, თუ ეს ტენდენცია გაგრძელდება.

ზოგადად, ჩვენ, "ევროპულმა საქართველომ" უკვე ვთქვით, რა არის მთავარი. მთავარი არის სწრაფი რეაგირება, რათა საზოგადოება იყოს მშვიდად და იცოდეს, რომ თუ დარეკავს 112-ზე, მას უპასუხებენ, ის მიიღებს ოჯახის ექიმის კონსულტაციას, თუ სჭირდება ვინმეს ჰოსპიტალიზაცია, მას გადაიყვანენ დროულად საავადმყოფოში.

ამავდროულად, მუდმივად გვჭირდება ჰოსპიტალური რესურსის გაზრდა და რისკ-ჯგუფების დაცვა, პრევენციისთვის, რათა ნაკლები რისკ-ჯგუფში მყოფი ადამიანი იპოვოს ვირუსმა, ისეთი, ვისაც დასჭირდება ჰოსპიტალიზაცია.

ეს ღონისძიებები არის დაუყონებლივ დასაწყები. "ევროპულმა საქართველომ" ჩვენი 4 ნაბიჯის შესახებ განვაცხადეთ რამდენიმე დღის წინ, ახლა საჭიროა, რომ ჯერ კიდევ სანამ "ქართული ოცნება" არის მთავრობაში, სანამ არჩევნების შედეგად მას გადაირჩევს ქართველი ხალხი, ახლა გადაიდგას სწრაფად ეს ნაბიჯები, რომ მდგომარეობა კიდევ უფრო დამძიმებული არ დახვდეს ახალ ხელისუფლებას ნოემბერსა და დეკემბერში და საზოგადოება გაუმკლავდეს ამ მძიმე გამოწვევას", - განაცხადა ჭიაბერაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები