საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ ISET-ის კვლევითი ინსტიტუტის მიერ ორგანიზებულ ღონისძიებაში - "ომი უკრაინაში: გამოწვევები, რისკები და საქართველოს ეკონომიკის შედეგები“ მიიღო მონაწილეობა.
კობა გვენეტაძემ პანელურ დისკუსიაში აღნიშნა, რომ საქართვლოს საფინანსო სექტორმა პანდემიისა და უკრაინაში მიმდინარე ომის ფონზე მნიშვნელოვანი მდგრადობა გამოავლინა, რაც ეროვნული ბანკის მიერ გატარებული რეფორმებისა და რეგულაციების შედეგია.
"გასათვალისწინებელია საერთაშორისო სასაქონლო ბაზრებზე ფასებზე აღმავალი ზეწოლაც, ვინაიდან რუსეთი და უკრაინა მსოფლიო ბაზარზე რიგი ნედლეულის მიმწოდებელნი არიან და ამ მიწოდების შეფერხება მსოფლიო ბაზარზე გარკვეულ პროდუქტებს აძვირებს. აღნიშნულის შედეგად, ინფლაციური წნეხი გაძლიერდა, რაც, ინფლაციური მოლოდინების მატების რისკის ფონზე, თავისთავად მკაცრი მონეტარული პოლიტიკის გატარებას გვაიძულებს.
რაც შეეხება ეკონომიკური ზრდის პროგნოზს, მიმდინარე მდგომარეობიდან გამომდინარე იგი შემცირდა - თუკი თებერვლის დასაწყისში ეკონომიკის 5%-იან ზრდას ველოდით, დღევანდელი გადმოსახედიდან ეკონომიკის დაახლოებით 3-4%-იან ზრდას ველით, რაც ხაზს უსვამს ეკონომიკის დივერსიფიკაციის მნიშვნელობას გრძელვადიანი და მდგრადი ეკონომიკური განვითარებისათვის. ამასთანავე, აღსანიშნავია მოვლენების განვითარების გაურკვევლობების ჯერ კიდევ მაღალი ხარისხი, რაც დღეს გაკეთებულ პროგნოზებს კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს", - განაცხადა კობა გვენეტაძემ.
(NS)




























