მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კობახიძე გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის ახალ ხელმძღვანელს შეხვდა და საქართველოში მოიწვია

კობახიძე

"ოცნების" მთავრობაში პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე გაეროს ტურიზმის ორგანიზაციის გენერალურ მდივანს შაიხა ნასერ ალ ნოვაისს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, კობახიძემ შაიხა ნასერ ალ ნოვაისს გენერალური მდივნის თანამდებობაზე არჩევა მიულოცა და მომავალ საქმიანობაში წარმატებები უსურვა. თავის მხრივ, გენერალურმა მდივანმა საქართველოს მთავრობას მისი კანდიდატურის მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

უწყების ცნობით, შეხვედრის ფარგლებში მხარეებმა საქართველოს მთავრობასა და გაეროს ტურიზმის ორგანიზაციას შორის არსებულ მრავალწლიან თანამშრომლობაზე ისაუბრეს. ყურადღება გამახვილდა საქართველოში ტურიზმის სექტორის განვითარების პოზიტიურ დინამიკაზე და ქვეყნის მრავალფეროვან ტურისტულ შესაძლებლობებზე.

აღინიშნა, რომ 2025 წელს საქართველოში საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობამ 5.5 მილიონს გადააჭარბა, რაც ტურისტული ვიზიტების ისტორიულ მაქსიმუმს წარმოადგენს. შეხვედრაზე ასევე განიხილეს საქართველოს მთავრობის მიერ ტურისტული პოტენციალის შემდგომი განვითარების მიზნით გადადგმული ნაბიჯები.

კობახიძემ შაიხა ნასერ ალ ნოვაისი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მოიწვია.

შეხვედრა დუბაიში, მსოფლიო მთავრობათა სამიტის ფარგლებში გაიმართა. მას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი ესწრებოდნენ.

შეგახსენებთ, პოლოლიკაშვილის ორი ვადით ხელმძღვანელობის შემდეგ, ორგანიზაციის გენერალური მდივნობა 2026 წლის 1-ელი იანვრიდან შეიხა ალ ნოვაისმა გადაიბარა.

UN Tourism-ის გენერალური მდივნის თანამდებობაზე გაერთიანებული საამიროების კანდიდატი შაიხან ნასერ ალ ნოვაისი გასული წლის 30 მაისს აირჩიეს. შედეგად, სწორედ ის გახდა 2026-2029 წლების ვადით გენერალური მდივანი და ამასთან, ორგანიზაციის ისტორიაში პირველი ქალი ხელმძღვანელი.

გასულ წელს გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის გენერალური მდივნის არჩევნები სკანდალის ფონზე წარიმართა. "ქართულმა ოცნებამ" ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურა მოხსნა და გენერალური მდივნის თანამდებობაზე არაბთა გაერთიანებული საამიროების კანდიდატს დაუჭირა მხარი. უცხოური მედია წერდა UAE-სა და "ოცნებას" შორის გარიგების თაობაზე, რომლის ფარგლებშიც საქართველომ ზურაბ პოლოლიკაშვილის კანდიდატურის მოხსნის და საამიროების კანდიდატის მხარდაჭერის სანაცვლოდ, UAE-დან გიორგი ბაჩიაშვილი მიიღო.

თავად პოლოლიკაშვილის ვერსიით, მისი კანდიდატურის გაწვევის მიზეზი თეა მაისურაძის თანამშრომლად აყვანა გახდა. საქმე ის არის, რომ თეა მაისურაძე ჩეხეთში საქართველოს ყოფილი ელჩი იყო, რომელმაც თანამდებობა 2024 წლის დეკემბერში იმ მიზეზით დატოვა, რომ "ქართულმა ოცნებამ" ევროინტეგრაციის პროცესის შეჩერების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები