პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ მზად არის საგარეო საქმეთა და თავდაცვის ყოფილ მინისტრებთან დებატებისთვის.
ასე უპასუხა მან ჟურნალისტის კითხვას, რომელიც პაპუნა ჯანელიძისა და თინა ხიდაშელის განცხადებას შეეხებოდა დებატების მზაობასთან დაკავშირებით. ამით ისინი გამოეხმაურნენ პრემიერის განცხადებას, რომლის მიხედვითაც ის მზად არის, დისკუსია ჰქონდეს ნებისმიერ ადამიანთან, რომელმაც "სხვანაირად გაიგო" მთავრობის გადაწყვეტილება ევროკავშირთან მოლაპარაკებების შეჩერებასთან დაკავშირებით
"თუ მათ აქვთ სურვილი მე მზად ვარ. ნებისმიერი ჩვენგანი არის მზად რომ კონკრეტულად ამ ადამიანებთან დაჯდეს საჯარო დისკუსიაში. თუ ეს სურვილი არსებობს აქვე გიდასტურებთ ჩვენს მზაობას. ამ ადამიანების გულწრფელობაში მეპარება ეჭვი, მაგრამ მზად ვართ მათთან დავსხდეთ საჯარო დისკუსიის ფორმატში", - ამბობს კობახიძე.
როგორც მან აღნიშნა, ხელისუფლების მხრიდან საჯარო დისკუსიაზე ანალოგიური შეთავაზება იყო რამდენიმე თვის წინაც, „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონთან დაკავშირებით.
„ჩვენ შევთავაზეთ ყველას, რომ ჩაერთონ საჯარო დისკუსიაში ჩვენთან ერთად. საჯაროში, არასაჯაროში, ნებისმიერი ფორმატისთვის მზად ვართ. იმდენად მყარია ჩვენი პოზიციები, მათ შორის, ამ საკითხთან დაკავშირებით, მზად ვართ, ღია ვართ ნებისმიერი საჯარო, თუ არასაჯარო დისკუსიისთვის.
ჩვენ ანალოგიური შეთავაზება გვქონდა რამდენიმე თვის წინაც, როცა საქმე ეხებოდა „გამჭვირვალობის შესახებ“ კანონს, მაშინ ჩაერთო მთელი ლიბერალური ფაშიზმი და არც ერთ ახალგაზრდას, არც ერთ ადამიანს არ მისცეს დისკუსიაში ჩართვის საშუალება. ვნახოთ ახლა როგორ იქნება. კიდევ ერთხელ ვთავაზობთ ყველას, რომ დაძლიონ ლიბერალურ-ფაშისტური ზეწოლა და ჩაერთონ საჯარო, ან არასაჯარო დისკუსიაში. ჩვენი მხრიდან არის სრული ღიაობა, სრული მზაობა. თუ ვინმე დაგვიმტკიცებს, რომ რაიმე არასწორად გადავწყვიტეთ, აბსოლუტურად ღია ვართ ნებისმიერი გადაწყვეტილებისთვის, მაგრამ მეორე მხრიდანაც ველით იმის მზაობას, რომ თუ დავუმტკიცებთ ჩვენს სიმართლეს, კეთილი ინებონ და ეს სიმართლეც აღიარონ, ეს არის ჩვენი აბსოლუტურად გულწრფელი დამოკიდებულება,“- განაცხადა პრემიერმა.