მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

კობახიძის გამოსვლა არის ზღვარგადასული და სახელმწიფოს პასუხისმგებლიანი მართვის ელემენტარულ პრინციპებს არ ეფუძნება - ვიქტორ ყიფიანი

ვიქტორ ყიფიანი

"კობახიძის დღევანდელი გამოსვლა არის აბსოლუტურად ზღვარგადასული იმ კუთხით, რომ ეს სახელმწიფოს პასუხისმგებლიანი მართვის ელემენტარულ პრინციპებს არ ეფუძნება", - ასე შეაფასა GEOCASE-ის დამფუძნებელმა ვიქტორ ყიფიანმა "TV პირველის" ეთერში, ირაკლი კობახიძის დღევანდელი გამოსვლა, რომელიც საქართველოსთვის შესაძლო ვიზალიბერალიზაციის გაუქმების საკითხს ეხებოდა.

"დღევანდელი განცხადება არის დასტური სისტემის მხრიდან... ვიმეორებ, სისტემის მხრიდან, იმიტომ რომ ეს არის მეტად ჰიბრიდული, სინდიკატურად ინტერესთა თანხვედრაზე დაფუძნებული სისტემა, რომელმაც დღეს კიდევ ერთხელ დამაჯერებლად ევროპას უთხრა: მე მზად ვარ მივიღო შენგან მორიგი გამოწვევა", - განაცხადა ყიფიანმა და განმარტა, რომ გამოწვევის მიღებაში გულისხმობს, რომ "ოცნება" მზად არის ევროპამ ვიზალიბერალიზაცია წაიღოს.

ვიქტორ ყიფიანის შეფასებით, სისტემას სურს ქართველი ხალხი, მძევლად აიყვანოს.

"მათ შორის თამასა ამ მხრივ არის უკუღმართულად აწეული, რომ როდესაც ჩვენ მძევლად აყვანაზე ვსაუბრობდით და ამ სისტემას არა თუ თავისი წევრები, ფუძემდებლები თუ ხელშემწყობები ჰყავს მძევლად აყვანილი, არამედ ამ შემთხვევაში, ღიად დამაჯერებლად განაცხადა, რომ საქართველოს მოსახლეობაა არის მზად ასეთ მძევლად აიყვანოს. ვიმეორებ, ეს განცხადება ამის პირდაპირი დასტურია, რადგან არაფერი მას ჯანსაღ პოლიტიკურ საქმიანობასა და სახელმწიფო მართვასთან არა აქვს. ეს განცხადება ვერ ფასდება, ვერც პოლიტიკური მეცნიერების კუთხით, ვერც ეკონომიკური სისტემების მართვის კუთხით", - განაცხადა ყიფიანმა.

შეგახსენებთ: "ქართული ოცნების" თავმჯდომარემ, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ პარტიის გორგასლის ოფისში პოლიტიკური საბჭოს სახელით დღეს განცხადება გააკეთა, სადაც "ევროპული ბიუროკრატიის მხრიდან საქართველოზე უსაფუძვლო თავდასხმების" შესახებ ისაუბრა. მისივე თქმით, თქმით, "ტექნიკური საკითხია, რომ გიწევს ან არ გიწევს რიგში დგომა ვიზასთან დაკავშირებით". მან ასევე თქვა, რომ ევროკავშირთან უვიზო მიმოსვლა "არაეგზისტენციალური საკითხია ადამიანისთვის". უამრავი ქვეყანაა, თუ გინდა მაღალი ხარისხის სამედიცინო დახმარება კონკრეტული მიმართულებით მიიღო, სხვა ქვეყნებიც არის. ეს ცარიელი, თითიდან გამოწოვილი ამბავია",- ამბობს კობახიძე.

საქმე ისაა, რომ საქართველოს ვიზალიბერალიზაციის შესანარჩუნებლად საჭირო რეკომენდაციების შესრულებისთვის ვადა აგვისტოს ბოლომდე აქვს. "ქართულმა ოცნებამ" 14 ივნისს ბრიუსელიდან წერილი მიიღო, სადაც გასული წლის ბოლოს გაცემული რეკომენდაციების შესრულებაზე განახლებული ინფორმაციაა მოთხოვნილი. კომისია საქართველოს ხელისუფლებისგან ინფორმაციას 31 აგვისტომდე ელის და ასევე ელის კონკრეტულ ნაბიჯებს შესაბამისი საკითხების მოსაგვარებლად. საუბარია იმ რეკომენდაციებზე, რომლებიც 2024 წლის 6 დეკემბერს მიღებულ ვიზის შეჩერების მექანიზმის მეშვიდე ანგარიშში მიემართა საქართველოს. ანგარიშში ევროკომისიამ შეშფოთება გამოთქვა საქართველოში ფუნდამენტური უფლებებისა და თავისუფლებების სერიოზული დარღვევების შესახებ. სწორედ ამ კონტექსტში, იანვარში ევროკავშირმა შეაჩერა უვიზო რეჟიმი ქართული დიპლომატიური პასპორტების მფლობელთათვის. ევროკომისია რეკომენდაციების შესრულებას შემდეგი ვიზის შეჩერების მექანიზმის ანგარიშის ფარგლებში შეაფასებს, რის საფუძველზეც, დარღვევების გაგრძელების შემთხვევაში, შეუძლია მიიღოს შესაბამისი ზომები მე-8 მუხლის საფუძველზე, ვიზის შეჩერების მექანიზმის გააქტიურებით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები