პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, 2025 წლის ბიუჯეტის განახლებულ პროექტში, რომელიც პარლამენტს არჩევნების შემდეგ წარედგინება, სპორტის და კულტურის, ასევე საპენსიო უზრუნველყოფის მიმართულებით დაფინანსების კუთხით გაიზრდება.
„ბიუჯეტის ზრდა გვექნება ყველა მიმართულებით, მათ შორის როცა საქმე ეხება კულტურას და სპორტს, გვექნება სერიოზული მატება, რაც ჩვენი პროგრამის შემადგენელი ნაწილია. პენსიების ნაწილში პირველადი პროექტი რაც იყო წარდგენილი, იმასთან მიმართებით სერიოზულად იზრდება ჩვენი ბიუჯეტი. ყველა მიმართულებით, რაც გვაქვს პროგრამაში წარმოდგენილი, ყველა შესაბამისი ფინანსური რესურსი იქნება ასახული ბიუჯეტში, რომელიც უკვე ახალი სახით იქნება წარდგენილი პარლამენტის წინაშე დეკემბრის დასაწყისში“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
2025 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტით, 70 წლამდე პირთა პენსიები 20 ლარით, 335 ლარამდე იზრდებოდა, თუმცა როგორც მთავრობამ გასულ კვირაში განაცხადა, ამ კატეგორიის პენსიონერთა პენსია 35 ლარით გაიზრდება 350 მილიონ ლარამდე, რისთვისაც დამატებით 100 მილიონი ლარი დაიხარჯება.
70 წელზე უფროსი მოსახლეობისთვის კი ასაკობრივი პენსია 35 ლარით, 450 ლარამდე მოიმატებს. 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტით, მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფაზე მომდევნო წელს 4.42 მილიარდი ლარის დახარჯვა იგეგმება, რაც 2024 წელთან შედარებით 490 მილიონი ლარით მეტია. თუმცა, სავარაუდოდ განახლებულ ბიუჯეტში ეს თანხა 100 მილიონი ლარით გაიზრდება და 4.52 მილიარდ ლარს მიაღწევს.
საქართველოში ასაკობრივ პენსიას სულ 838 ათასი მოქალაქე იღებს.