კობახიძის რეჟიმი კორუფციას აძვირებს - ასე აფასებს „სამოქალაქო მონაწილეობის ცენტრის“ ხელმძღვანელი საკანონმდებლო ცვლილებებს, რომლის თანახმადაც სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზების წინაპირობებს საქართველოს მთავრობა განსაზღვრავს.
სახელმწიფო უძრავი ქონების პირდაპირი მიყიდვის არსებული პრაქტიკის ცვლილებაზე ირაკლი კობახიძემ პირველად მიმდინარე წლის ივნისში პარლამენტში წლიური ანგარიშის წარდგენისას ისაუბრა და განაცხადა, რომ არსებული პრაქტიკა მათ შორის კორუფციის რისკებს შეიცავდა. 8 სექტემბერს მთავრობის სხდომის დაწყებამდე კი ირაკლი კობახიძემ განაცხადა, რომ მთავრობის ახალი შემადგენლობის ფორმირების შემდეგ, მისმა კაბინეტმა პრაქტიკულად სრულად უარი თქვა პირდაპირი ფორმით ქონების პრივატიზაციაზე და ამ საკითხის მოწესრიგება კანონის დონეზე უნდოდა.
როგორც ირაკლი აბესაძემ BMG-ის საკითხის შეფასებისას განუცხადა, მთავრობა ნებისმიერ დროს შეძლებს დადგენილებით გაწერილი კრიტერიუმების საჭიროების მიხედვით ცვლილებას. შედეგად, მისი შეფასებით, სახელმწიფო უძრავი ქონების პრივატიზებისას კორუფციული რისკების შემცირება ვერ მოხდება.
„ქართული ოცნების“ რეჟიმის პირობებში, პირდაპირი პრივატიზების არაერთი კორუფციული შემთხვევა გვინახავს. წარმოდგენილი ცვლილებები კი ვერანაირად ვერ იქნება გადამწყვეტი იმის, რომ „ქართული ოცნების“ პირობებში არ იქნება კორუფცია. როდესაც კორუფციაზე ვსაუბრობთ, ეს პირველ რიგში, ადამიანური კეთილსინდისიერებიდან გამომდინარეობს და „ქართული ოცნების“ რეჟიმს, რომელიც თავად გვიყვება, როგორი ტოტალურად კორუმპირებულია, რა თქმა უნდა, მსგავსი ტიპის ცვლილება ხელს არ შეუშლის, რომ თუნდაც აუქციონი ჩაატარონ ფორმალურად ისეთი შეზღუდვებით და ისე მორგებული ვინმეზე, რომ პრობლემა არ შეექმნათ კორუფციული ინტერესების განხორციელებაში.
რაც შეეხება წარმოდგენილ ცვლილებებს, ჩვენ დავიჯერებდით, რომ ეს გარკვეულწილად ართულებს კორუფციული გარიგებების დადებას იმ შემთხვევაში, თუ მსგავსი კრიტერიუმები მოცემული იქნებოდა თავად კანონში. კანონში, რომელსაც ახლა რეჟიმი ისე ცვლის, როგორც უნდა, მაგრამ მაინც გარკვეულწილად უფრო რთული პროცედურაა საკანონმდებლო ცვლილება, ვიდრე შესაძლებელი იქნება [ცვლილება] მთავრობის განკარგულებაში ან დადგენილებაში. ჩვენ ვნახავთ რაღაც კრიტერიუმებს, რომლებიც შესაძლებელია იყოს მოსაწონი ან იყოს ნაკლული, მაგრამ მთავარი პრობლემა არის ის, რომ როგორც კი დადგება რაიმე საკითხი ვინმეს ინტერესებზე მორგების შესაძლებლობა, მთავრობას ძალიან მარტივად შეეძლება, რომ ეს კრიტერიუმები შეცვალოს და შეცვლილი კრიტერიუმებით პირდაპირი მიყიდვის ფორმით ქონება მას გადასცეს, ვისთვისაც ეს მნიშვნელოვანია.
მე ვიტყოდი ასე - ახლა კობახიძის რეჟიმი აძვირებს კორუფციას, იმიტომ რომ მსგავს შემთხვევაში, რა თქმა უნდა, უფრო დიდი „ატკატის“ მოთხოვნის შესაძლებლობა ექნებათ, რომ თითქოს გართულდა პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზება და თუ გსურს ასეთ გარიგებაში შემოხვიდე, მაშინ უფრო მეტი „ატკატი“, უფრო მეტი ქრთამი უნდა გადაუხადო საჯარო მოხელეს. სხვა შემთხვევაში, იქ, სადაც იქნება ივანიშვილის ინტერესი, სადაც იქნება რეჟიმის სხვა მმართველების ინტერესი, მათ მთავრობის განკარგულების და დადგენილების უმარტივესად შეცვლა შეეძლებათ და სწორედ იმ წინასწარ დადგენილი კრიტერიუმების მორგება მასზე, ვინც მათ ინტერესში იქნება”, - განაცხადა ირაკლი აბესაძემ.
საკანონმდებლო ცვლილებების თანახმად, მთავრობა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს წარდგინებით, ვალდებული იქნება კანონის მიღებიდან 60 დღის ვადაში შეიმუშაოს ნორმატიული აქტი, რომელიც განსაზღვრავს ქონების განკარგვის წინაპირობებს როგორც გაცვლის, ისე პირდაპირი მიყიდვის ფორმით პრივატიზებისას.




























