მიუხედავად იმისა, რომ გასული წლის მეოთხე კვარტალი პოლიტიკური დაძაბულობის და კრიზისების ფონზე მიმდინარეობდა, ტურიზმის შემოსავლები გაიზარდა. "ქართული ოცნების" პრემიერი, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ ეს არის ნიშანი, იმისა, რომ ოპოზიციას, რომელსაც თავად დესტრუქციულს უწოდებს, არაფერი გამოსდის.
„კონკრეტულად ტურიზმის სფეროში გვქონდა ძალიან კარგი მაჩვენებლები, აქაც რეკორდული მაჩვენებლით დავასრულეთ 2024 წელი. 4.4 მლრდ დოლარს გადააჭარბა წლიურმა შემოსავლებმა ტურიზმიდან, 300 მლნ დოლარით გადავაჭარბეთ 2023 წლის, ანუ წინა წლის მაჩვენებელს. რეკორდული იყო კონკრეტულად IV კვარტალიც, მიუხედავად პოლიტიკური გართულებებისა. ეს იყო საარჩევნო თვე - ოქტომბერი, შემდეგ ნოემბერი, როცა ხელოვნურად ცდილობდნენ კონკრეტული ძალები კრიზისის შექმნას, მერე ეს ყველაფერი გაგრძელდა დეკემბერში. ამ ყველაფრის მიუხედავად მეოთხე კვარტალიც დავხურეთ ძალიან დიდი წარმატებით, შემოსავლებმა მეოთხე კვარტალში შეადგინა 964 მლნ დოლარი, რაც არის 90 მლნ დოლარით მეტი 2023 წლის IV კვარტალის მაჩვენებლებზე. ვიღაცები ცდილობენ ჩვენს ქვეყანაში ეკონომიკის ზრდის შეფერხებას, თუმცა ხედავთ, რომ არაფერი გამოსდით, პირიქით, ვაგრძელებთ მაქსიმალური ინტენსივობით ეკონომიკის განვითარებაზე ზრუნვას,“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
ეროვნული ბანკის ინფორმაციით, 2024 წელს საქართველომ ტურიზმიდან 4.4 მილიარდ დოლარზე მეტი შემოსავალი მიიღო. უშუალოდ მეოთხე კვარტალში საერთაშორისო მოგზაურობიდან თითქმის 964 მლნ დოლარის შემოსავალია მიღებული. 2023 წელთან შედარებით, შემოსავლები დაახლოებით 300 მლნ დოლარით არის შემოსავლები გაზრდილი. 2023 წლის მეოთხე კვარტალთან შედარებით კი ტურიზმის შემოსავლების ზრდა 10%-ს აღწევს.