ირაკლი კობახიძის განცხადებით, საკონსტიტუციოში პარტიების აკრძალვის მექანიზმის შესახებ სარჩელი რამდენიმე დღეში შევა.
მისივე თქმით, ხელისუფლებისთვის მთავარია, გამართული სარჩელი შევიდეს საკონსტიტუციო სასამართლოში იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ გაჯანსაღდეს ქვეყნის დემოკრატიული სისტემა.
„კანონმდებლობაში გარკვეული ტექნიკური საკითხები დაზუსტდა, ჩვენთვის მთავარია, გამართული სარჩელი შევიტანოთ საკონსტიტუციო სასამართლოში იმისათვის, რომ ერთხელ და სამუდამოდ გაჯანსაღდეს ჩვენი დემოკრატიული სისტემა. იმ პირობებში, როდესაც მმართველი გუნდის ერთადერთი ოპონენტია კრიმინალური პოლიტიკური ძალა „კოლექტიური ნაცმოძრაობის“ სახით, რა თქმა უნდა, ჯანსაღი დემოკრატიული სისტემა ვერ შედგება, ამიტომ ჩვენ გვჭირდება დემოკრატიული სისტემის, პოლიტიკური სისტემის გაჯანსაღება და სწორედ ამას ემსახურება ის სარჩელი, რომელიც რამდენიმე დღეში შევა საკონსტიტუციო სასამართლოში. რამდენიმე დღეა დარჩენილი სარჩელის შეტანამდე, სია გახდება ცნობილი, როგორც კი შევიტანთ სარჩელს,“ - განაცხადა "ოცნების" პრემიერმა.
ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ პარლამენტმა გუშინ მესამე მოსმენით დაუჭირა მხარი საკანონმდებლო პაკეტს, რომელიც კონკრეტულ პირებს აუკრძალავს პარტიულ საქმიანობასა და პოლიტიკური თანამდებობის დაკავებას, ასევე პასიურ საარჩევნო (არჩევნებში მონაწილეობის) უფლებას. კანონი დაჩქარებული წესით განიხილეს და ძალაში შევა მიხეილ ყაველაშვილის ხელმოწერის შემდეგ.




























