უფასო უმაღლესი განათლების მოდელი ამოქმედდება იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც ჩააბარებენ მომავალ წელს, - ამის შესახებ "ქართული ოცნების' პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ "ღამის კურიერში" განაცხადა.
მისივე თქმით, სპეკულაციებია საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ ნაკლებ ახალგაზრდას ექნება უნივერსიტეტში ჩაბარების შესაძლებლობა.
„უფასო უმაღლესი განათლების მოდელი ამოქმედდება იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც ჩააბარებენ მომავალ წელს. რაც შეეხება დღეს მოქმედ სტუდენტებს, მათზე ვრცელდება ის სისტემა, რომლითაც მათ ჩააბარეს უნივერსიტეტებში, მათ შორის, უცვლელი იქნება საგრანტო სისტემა და შესაბამისი გადასახადი.
გასულ წელს 31 000 სტუდენტი მიიღო საუნივერსიტეტო სისტემამ და ეს რაოდენობა არ შეიცვლება. სპეკულაციებია საუბარი იმასთან დაკავშირებით, რომ ნაკლებ ახალგაზრდას ექნება უნივერსიტეტში ჩაბარების შესაძლებლობა, რაც იყო მისაღები კონტინგენტი, დარჩება იგივე. რაც შეეხება ავტონომიას, ავტონომიაც დარჩება. ყველა კითხვაზე ვართ მზად პასუხისთვის, იმიტომ, რომ შინაარსი გვამაგრებს. გვქონდა შეხვედრა ჯერ სახელმწიფო უნივერსიტეტების რექტორებთან, შემდეგ განათლების მინისტრი შეხვდა კერძო უნივერსიტეტების რექტორებს, ყველგან იყო სივრცე დისკუსიებისთვის. ნებისმიერი ფორმატისთვის ვართ მზად, მაგრამ ჩვენს ოპონენტებს ურჩევნიათ, ცარიელ კარში ურტყან ბურთები, იმიტომ, რომ მათ სხვა რესურსი არ აქვთ“, - განაცხადა კობახიძემ.




























