მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

კობახიძისთვის ანტი-ლგბტ კანონპროექტზე დასავლეთის კრიტიკა გაუგებარია

ირაკლი კობახიძე

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ მისთვის გაუგებარი და შემაშფოთებელია რატომ შეიძლება აკრიტიკებდნენ ევროკავშირის და აშშ-ის მაღალი რანგის წარმომადგენლები “ოჯახური ღირებულებების და არასრულწლოვანთა დაცვის შესახებ” (ანტი-ლგბტ) კანონპროექტს.

როგორც მან დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, ეს კანონპროექტი მხოლოდ და მხოლოდ ოჯახური ფასეულობების და არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვას ეძღვნება.

„ჩემთვის პირადად შემაშფოთებელია, როგორც სტანოს, ასევე ო ბრაინის კრიტიკა ამ კანონთან დაკავშირებით. არ შეიძლება, ქართული საზოგადოების აღქმაში ევროკავშირი და აშშ ასოცირდებოდეს რაიმე ფორმით ლგბტ პროპაგანდასთან და ისეთ იდეოლოგიურ მიმდინარეობებთან, რომელთა მიზანი არ არის დადებითი საზოგადოებისთვის. აქ საუბარია ფსევდოლიბერალურ იდეოლოგიაზე, რომელსაც უპირისპირდება კანონპროექტი, რომელიც არის მიღების პროცესში საქართველოს პარლამენტში. როდესაც აქ ყოველგვარი არგუმენტის გარეშე გვესმის ჩვენ კრიტიკა, ეს არის ჩვენი შეშფოთების საგანი. რატომ შეიძლება, აკრიტიკებდეს ევროკავშირის მაღალი რანგის წარმომადგენელი და აშშ-ის მაღალი რანგის წარმომადგენელი იმ კანონპროექტს, რომელიც მხოლოდ და მხოლოდ ოჯახური ფასეულობების და არასრულწლოვანთა ინტერესების დაცვას ეძღვნება, ეს არის ჩვენთვის გაუგებარი. აქ არ არის საუბარი ადამიანის უფლებების შეზღუდვაზე, ერთადერთი, რაც იზღუდება ეს არის უხეში პროპაგანდის გამოყენება, რომელსაც აქვს ძალიან უცნაური მიზნები. ეს კრიტიკა არის ჩვენთვის უკიდურესად შემაშფოთებელი და იმედი გვაქვს, რომ მომავალში ამერიკელი და ევროპელი პოლიტიკოსებისგან ასეთ განცხადებებს აღარ მოვისმენთ“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

შეგახსენებთ, 4 სექტემბერს საქართველოს პარლამენტის 81-მა დეპუტატმა მეორე მოსმენით ე.წ. "ოჯახური ღირებულებების დაცვის" ლგბტქ+ თემის მიმართ დისკრიმინაციულ კანონპროექტს მეორე მოსმენით დაუჭირა მხარი. ევროკავშირმა საკანონმდებლო პაკეტის მეორე მოსმენით ნაჩქარევად მიღება დაგმო. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის პრესსპიკერის, პიტერ სტანოს განცხადებით, ეს პაკეტი ძირს უთხრის საქართველოს მოსახლეობის ფუნდამენტურ უფლებებს და მოსახლეობის ნაწილის სტიგმატიზაციისა და დისკრიმინაციის გაძლიერების საფრთხეს ქმნის. მისივე თქმით, ევროკავშირი საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდებს, ამ საკანონმდებლო პაკეტს სრულად გადახედოს, რადგან ის, სამოქალაქო საზოგადოებისთვის „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით დაწესებულ შეზღუდვებთან ერთად, ევროკავშირი-საქართველოს ურთიერთობებს კიდევ უფრო დაძაბავს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები